ანდრეი რუდენკო: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები ჯერ შესრულებული არ არის

“საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები ჯერ შესრულებული არ არის”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.

მისივე თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, გასულ ზაფხულს რატომ შეწყდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან.

„ეს იძულებითი ზომაა, დროებითი. მისი გაუქმების პირობები კარგად არის ცნობილი: ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და, ასევე, რუსი ტურისტებისთვის ყველანაირი საფრთხის აღმოფხვრა. დღემდე ეს პირობები არ შესრულებულა. როგორც კი ისინი შესრულდება, რუსეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ დააყოვნებს“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

გარდა ამისა, რუდენკოს თქმით, საქართველოში ნოემბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რაც უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ ვითარებას ქმნის.

“სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეული ძალები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით დაინტერესებული არ არიან და ანტირუსულ რიტორიკას მიმართავენ. ეს არ გვაძლევს საფუძველს, ვისაუბროთ იმაზე, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ტურისტების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ, მოვუწოდებდი რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოს საგზურების შეძენისგან თავი შეიკავონ”, – თქვა დიპლომატმა.

მისივე თქმით, მოსკოვი თბილისისგან შესაბამისი დასკვნების გაკეთებასა და პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, მომავალში მოსკოვთან გაცილებით პრაგმატული ურთიერთობის დამყარებას ელოდება.

“მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობა ურთიერთმომგებიან პარტნიორულ საფუძველზე დავამყაროთ. ასევე, ვართ დაინტერესებული იმით, რომ გავიდეთ იმ ჩიხიდან, სადაც ჩვენდა უნებურად აღმოვჩნდით”, – აღნიშნა ანდრე რუდენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები