კახა ბექაური: თუ კომპანიები არ ასრულებენ ვალდებულებას, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი, რომ კანონი აღასრულებინოს – კარგია, რომ ეს გაითავისა ბიზნესმა
“ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც”, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი ეკონომიკის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ კომპანიები არ ასრულებენ ვალდებულებას, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი, რომ კანონი აღასრულებინოს.
„საქართველოს კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან გვაქვს საქმე. როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან გვაქვს საქმე, აქ სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობაც შემოდის იმიტომ, რომ ამ ყველა კომპანიას მილიონობით აბონენტი ჰყავს და მთელი საქართველოს ეკონომიკა მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც ეფუძნება მთლიანად ტექნოლოგიურ განვითარებას. ამიტომ, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტი, რათა თუ ეს მსხვილი კომპანიები არ ასრულებენ სახელმწიფო ვალდებულებასა და კანონის მოთხოვნებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილებები ამის ქმედითი აღსრულებისა, რომელიც ავალებს, შეასრულოს კანონი. ეს ქმედითი აღსრულების ინსტრუმენტია დროებითი მმართველი. კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც და შედგა კონსენსუსი და, მათ შორის, ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ”, – განაცხადა ბექაურმა.