მსოფლიო პანდემიის ფონზე, რუსეთში ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვან ზღვარს მიაღწია. მსხვილი კომპანიები ზარალზე გადიან, რასაც ახლახან რუსული კორპორაცია „ნორნიკელი“-ს მიერ მილიონობით დოლარის დაკარგვის ფაქტიც დაემატა. 29 მაისს ქალაქ ნორილსკში მდებარე, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე დიდი საწარმოს რეზერვუარიდან 21 ათასი ტონა დიზელი ადგილობრივ მდინარეებსა და გრუნტში ჩაიქცა. ექსპერტებმა ამ ტექნოგენურ ავარიას “ატლანტიკის ოკეანისთვის უდიდესი ზიანის მომტანი კატასტროფა” უწოდეს. „როსპრიროდნადზორმა“ ეკოლოგიისთვის მიყენებული ზარალი 149 მილიარდ რუბლად შეაფასა. არა და, „ნორნიკელი“-სა და მსგავსი გიგანტების გამართულად მუშაობას კრემლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მიზეზი არამხოლოდ ეკონომიკის გაძლიერებაა. „ნორნიკელის“ აქციების დიდი ნაწილის მფლობელი არა მხოლოდ მილიარდერი ვლადიმერ პოტანინია, არამედ – „რუსალ“-ის ხელმძღვანელი, ოლეგ დერიპასკა, რომელსაც მრავალი წელია, ვლადიმერ პუტინი საკუთარი პოლიტიკური ძალის განსამტკიცებლად იყენებს. ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინს დაახლოებული ბიზნესმენები არა მხოლოდ ჯიბის გასამდიდრებად, არამედ სხვადასხვა ქვეყანაზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად ჰყავს. თავისი მავნე მიზნების მისაღწევად, კრემლი ჰიბრიდული ომის ყველა ხერხს იყენებს, მათ შორის, მედიაპროპაგანდას, რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებზე მანიპულირებას, სპეცსამსახურების ჩართულობასა და, რა თქმა უნდა, ინვესტიციებს.
კრემლის მიერ ეკონომიკური ექსპანსიის მრავალწლიანი გამოყენების მაგალითად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე პატარა მონტენეგროს ისტორიაც გამოგვადგება
მილენიუმის დასაწყისში, „ახალი რუსები“ ევროპისკენ დაიძრნენ. ჯერ კიდევ მაშინ მონტენეგრო, თავისი სლავური კავშირების წყალობით, რუსეთის განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ამ პერიოდში, რუსმა ბიზნესმენებმა მონტენეგროში დიდძალი ინვესტიციები ჩადეს. თვალწარმტაცი ბუნებითა და ლამაზი ზღვისპირეთით გამორჩეული ეს პატარა, მთაგორიანი ქვეყანა ყველა ჯურის „ახალი რუსისთვის“ გემრიელი ლუკმა აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში ოლეგ დერიპასკამ მონტენეგროში ალუმინის კომბინატი შეისყიდა, თუმცა, 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, საწარმოს ვალები დაუგროვდა და წაგებაში წავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დერიპასკასა და სხვა რუს ბიზნესმენს სურდათ, მოგება არა მხოლოდ პირდაპირი ინვესტიციებისგან მიეღოთ, არამედ მონტენეგრო ფულის გათეთრებისთვის გამოეყენებინათ. 2013 წლისთვის ალუმინის კომბინატის გაკოტრების პროცესი დაიწყო, მისი დავალიანება, დაახლოებით, 350 მილიონ ევროს წარმოადგენდა და მონტენეგროს ხელისუფლებამ იქ საკუთარი მმართველი შეიყვანა. 2014 წელს დერიპასკამ მონტენეგროს ხელისუფლებას უჩივლა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. შემდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა და კომპენსაციის სახით 600 მილიონი ევროს დაკისრება მოითხოვა. 2019 წელს მონტენეგროს პროკურატურამ მსოფლიოს დიდი გამარჯვების შესახებ ამცნო -საერთაშორისო არბიტრაჟმა რუსი ბიზნესმენის სარჩელის დაკმაყოფილებაზე კომპენსაციის დაკისრების შესახებ უარი თქვა.
ამ ბიზნესდავის არსებობის პარალელურად, მონტენეგრომ დაინახა, რომ დასავლეთთან სიახლოვე ბევრად დიდი წინსვლისა და წარმატების მომტანია. ნელ-ნელა პოდგორიცასა და მოსკოვის ურთიერთობები დაიძაბა, თანაც რუსი ოლიგარქების საყვარელი პატარა სამოთხე უკვე არცთუ ისე ღია და ხელწამოსაკრავი აღმოჩნდა. 2015 წელს მონტენეგროს ხელისუფლებამ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. ამ განაცხადზე მოსკოვის რეაქცია უკვე მაშინ მწვავე აღმოჩნდა. „ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსიამ აღმოსავლეთისკენ, რა თქმა უნდა, რუსული მხარის საპასუხო ნაბიჯები არ შეიძლება, რომ არ გამოიწვიოს”, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები -დაიწყო როგორც რუსული „კულტურულ-საგანმანათლებლო“ ორგანიზაციების გააქტიურება, ასევე, რუსი ბიზნესმენების გამოყენება საკუთარი ინტერესების შესაბამისად, თანაც, ძალიან საშიში ფორმებით.
მონტენეგროს ევრო-ატლანტიკური კურსის შესაცვლელად კრემლმა ყველაფერი გააკეთა. რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრების მიერ შემუშავებული გეგმით, სერბმა ნაციონალისტებმა და მონტენეგროს ოპოზიციის ნაწილმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს პარლამენტის შენობის დაკავება, პრემიერმინისტ მილო ჯუკანოვიჩის ლიკვიდაცია და პრორუსული ხელისუფლებას მოყვანა დაგეგმეს. 16 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების დღეს პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, რომელიც პუტჩის მოწყობაში იყო მხილებული. მალევე პროკურატურამ ამ დანაშაულის აქტიური შემოქმედები დაასახელა – ესენი რუსეთის მოქალაქეები – ედუარდ შიროკოვი და ვლადიმერ პოპოვი არიან. მონტენეგროს სამართალდამცველების განცხადებით, ამ ადამიანებმა მეზობელი სერბეთის მკვიდრს, ალექსანდრ სინჯელიჩს 200 ათასი დოლარი იმისთვის გადაუხადეს, რომ მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო და პრემიერიც მოეკლა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა, მილივოე კატნიჩმა განაცხადა და შესაბამისი მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა. დამნაშავეების გეგმით, ქვეყნის მართვას ერთერთი ოპოზიციური პარტი – “დემოკრატიული ფრონტი” ჩაიგდებდა ხელში და, საბოლოოდ, აიძულებდა მონტენეგროს, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა. როგორც მაშინ გაირკვა, “დემოკრატიული ფრონტი” თავიდან ბოლომდე რუსი ბიზნესმენის ფულით იყო შექმნილი და მათი მასშტაბური საარჩევნო კამპანიაც რუსეთიდან ფინანსდებოდა. გავრცელებული ცნობებით, ამ სპონსორობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან არა უბრალოდ ვინმე პოპოვი და შიროკოვი, არამედ სწორედ ოლეგ დერიპასკა და ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი, ვიქტორ ბოიარკინი იდგნენ.
ოპოზიციის დაფინანსებამ და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა – 2017 წელს მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდა. 2017 წლის ივნისში მონტენეგროს სასამართლომ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ პირებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. რუსეთის ГРУ-ს ორი თანამშრომელი მონტენეგროში დაუსწრებლად გაასამართლეს.
ოლეგ დერიპასკას დღესაც უახლოესი კავშირი აქვს კრემლთან და ამ კავშირისგან უდიდეს სარგებელს იღებს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. კრემლში იციან, რომ ის და სხვა რუსი ბიზნესმენები თავიანთ მილიონებს კრემლის გავლენების განმტკიცებაში კვლავ დახარჯავენ. დერიპასკა მონტენეგროში დამარცხდა, თუმცა ის ყოველთვის ეცდება, იგივე გააკეთოს სხვაგანაც, რადგან კრემლის მიზნები არ იცვლება. ვლადიმერ პუტინი ხომ ყოველთვის მოსთხოვს თავის მარიონეტსა და ძველ მეგობარ ბიზნესმენს, ნებისმიერ იმ ქვეყანაში დახარჯოს მილიონები, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიისწრაფვის.
კობა დიდებაშვილი