გიორგი რამიშვილი: ჩემი კომპანიის სახელით მინდა, ვთქვა, რომ კონსენსუსამდე მივედით

“მოლაპარაკებები იყო ეს რამდენიმე დღე და ბოლოს ჩვენ მივედით კონსენსუსამდე“, – ამის შესახებ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფისა“ და კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა საქართველოს პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

​მისი თქმით, ბიზნესი ცვლილებების შედეგად ბედნიერი არ არის თუმცა, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია მისთვის და მისი კომპანიისთვის მისაღებია.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ წამოვიღეთ, რაც ჩვენ გვინდოდა და როგორც მე მიმყავდა ეს მოლაპარაკება და მინდა, აღვნიშნო სიმართლე, რომ ჩვენ ბოლოს შევთანხმდით. რა თქმა უნდა, მძიმე იყო თავიდან, მაგრამ ახლა, დღევანდელ დღეს რაზეც შევთანხმდით და ეს აისახება საბოლოო რედაქციაში, ჩემი კომპანიის სახელით მინდა, ვთქვა, რომ კონსენსუსამდე მივედით. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ, რა თქმა უნდა, 100% ბედნიერები ჩვენ არ ვართ. ვაფასებთ, რომ ვიმუშავეთ და, პრინციპში, მივიჩნევ, რომ ნორმალურია და მისაღებია, საბოლოოდ რაც ჩაიწერა, თუმცა ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, უკეთესის მოთხოვნა და სურვილი ბიზნესისგან“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე.
​მისივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესა და კომუნიკაციების კომისიასთან მუშაობის შედეგად, მისი კომპანიისთვის ყველაზე პრინციპული საკითხები ახალ რედაქციაში გათვალისწინებულია.
„საბოლოოდ, პარლამენტარებთან, ბატონ თალაკვაძესა და კომისიასთან ვიმუშავეთ და შევჯერდით. რა თქმა უნდა, ეს 29-ე პუნქტი სულ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ კიდევ უფრო კმაყოფილები ვიქნებოდით. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო სასამართლოს შეცვლა. ანუ რაც ჯერ კიდევ არსებობს და ლიცენზირებულ კომპანიებს, ჩვენ გვეხება, რომ მარეგულირებელს თუ უნდა შემოიყვანოს რამდენიმე ჯარიმის შემდეგ დროებითი მმართველი, ამ შემთხვევაში უნდა წავიდეს სასამართლოში. ჩვენი მოთხოვნა ეს იყო, და ეს იყო პრინციპული მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენი კომპანიისთვის და ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები