ბექა ლილუაშვილი: გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების შესაძლებლობა

“საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად კერძო სექტორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, სექტორულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული შეხვედრის დროს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარადგინეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას უწევს კონსულტაციას ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს არის ფისკალური ეკონომიკური პოლიტიკა, სექტორული ეკონომიკური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა. ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს ქართველ ექსპერტებთან, საექსპერტო ჯგუფებთან, ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ განვიხილოთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თითოეული ამ მიმართულებით”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრეზენტაციის შეფასების დროს პრემიერის მრჩეველმა სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეხება საქართველოში კვალიფიციური მუშახელის განვითარებას, დიგიტალიზაციას, პროცესების ელექტრონულად გარდაქმნას, ასევე, რიგ ღონისძიებებს, მაგალითად – საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას, საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, არის სწორი და მნიშვნელოვანი. ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ ამ თვალსაზრისით საქართველომ გააგრძელოს არსებითი ძალისხმევისა და ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ, ზოგადად, ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს და განვითარდეს ქვეყანაში.

გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი შესაძლებლობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზებისა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს უცხოური ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით – პროდუქტიულობაზე ორიენტირებული ინვესტიციების, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება ეს დარგები, იქ შეიქმნება დამატებითი პროდუქტიულობის შესაძლებლობები, გაიზრდება დასაქმება, ადამიანის შემოსავლები და ა.შ.”, – აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები