მირიან ნიკოლაძე გვარამიას: ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ნიკა გვარამიას გადაცემაში, “მთავარ აქცენტები” ელისო კილაძის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე საუბრობს.

მირიან ნიკოლაძე ნიკა გვარამიას მიმართავს და ამბობს: “ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო”.

“ნახალოვკელი “კაწრო” და გამომძიებელი “ბაწრო” – რა მექნა მეტი ამ „სამოსან“ კაცს, გეხვეწე, გემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ იზამ, არ გემის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ-თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა, ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო რომ „თეთრი ბოტასები“ იყო, გული მიგძნობდა, მაგრამ მანამდე, ჩემო გამოძიების „ბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლივი დეტალია.

როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ – მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არცერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეოფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშვმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს.
ვიდრე კომკავშირის ცეკა-ს მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს.

ვიდრე სისხლის სამართლის მასალები „თხა და გიგოსავით” გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელს ქვეყანას და „მაღალი პროფესიონალიზმით“ დაუმტკიცებ, რომ ექვს წუთში „ყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას – ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო.

ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებში განთავსებული გამოძიებლების სტანდარტული ათეულობით პატაკი გეგონება „მტკიცებულების განადგურების მცდელობა“, მანამდე პირველკურსელი იურისტების დაცინვის მსხვერპლი იქნები.

ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა) ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხ დღეს მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ.
მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა.

ახლა რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ, საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელს ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას.

მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ – თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ.

კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ, რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაც და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ
ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ, ვიდეოფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია.

საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამეს თავიდან კლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს, ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი).

რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს, არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროსა“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს, ეგ ვიცი”, – წერს მირიან ნიკოლაძე.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები