სოფო კილაძე: მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები უნდა მივანიჭოთ, რათა ქვეყანაში სიტუაცია არ გაუარესდეს

“მესმის, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის შეიძლება, გასახარიც იყოს, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდება, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემია არსად წასულა და იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსი უკონტროლოდ არ გავრცელდეს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

“ჩვენ მივანიჭეთ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, შეგვენარჩუნებინა ის ვითარება, რაც პანდემიის კუთხით ქვეყანაში გვქონდა, რათა ეს ვირუსი არ გავრცელდეს ისე, როგორც ამას ვხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენ მთავრობისთვის ამ უფლებამოსილების გადაცემის გადაწყვეტილება გარკვეული ვადით მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი და ამან გაამართლა. თუმცა, პანდემია არსად წასულა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მძლავრად არის წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მივანიჭოთ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ გაუარესდეს. რა თქმა უნდა, არავის გვიხარია ჩვენი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსი უკონტროლოდ არ გავრცელდეს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ეს კანონპროექტი მხოლოდ ამას ემსახურება. მე მესმის, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის შეიძლება, გასახარიც კი იყოს, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდება, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგელობას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ”, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება, გაუხანგრძლივდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები