„საქართველოს სინფონიეტას“ 12-წლიანი წარმატების ისტორია

13 ივლისს ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა.
ჩვენ ვთხოვეთ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა მუქერიას, შეეჯამებინა 12 წელი. 

– ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე და დაბრკოლება გადალახა ორკესტრმა. ასევე იყო უამრავი გამარჯვება და წარმატება.
„საქართველოს სინფონიეტა” 2008 წელს დაარსდა. ორკესტრის შექმნის იდეა ეკუთვნის გიორგი ქერელაშვილს (მევიოლინე, სამხატვრო ხელმძღვანელი). მის დაარსებაში დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, კერძოდ კი, გია ბუღაძემ (რექტორი 2003-2012). პირველი სარეპეტიციო სივრცე სწორედ ბატონმა გიამ გამოუყო ორკესტრს სამხატვრო აკადემიის შენობაში. ასე დაიდეს ბინა მუსიკოსებმა მხატვრებთან და პირველი ორი წელი ორკესტრი სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრის სახელით მართავდა კონცერტებს.
2010 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ორკესტრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და გახდა (სსიპ) თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი.
„საქართველოს სინფონიეტას“ რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის ხშირად იმართება „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ორკესტრი მონაწილეობს ფესტივალებში, არაერთი საერთაშორისო წარმატებაც მოიპოვა…
– თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა „საქართველოს სინფონიეტა” კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში, როგორიცაა: ბერლინის „კონცერტჰაუსი“, ამსტერდამის „კონცერტგებაუ“, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა.
ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: „შემოდგომის თბილისი“, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გუთიმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი (გერმანია), გდანსკის „გოლდბერგის ფესტივალი“ (პოლონეთი) და სხვა.
2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. 2015 წელს კი დააარსა „თბილისის საერთაშორისო ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„საქართველოს სინფონიეტა“ სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან. ესენია: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ალფრედო ბერნარდინი, ჰაინც ჰოლიგერი, ფრანსუა ლელუ, ლიზა ბათიაშვილი, ქრისტინე ბუში, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე კორსანტია, მარკუს პოშნერი, ანდრეს მუსტონენი, ქრისტოფ მაიერი და სხვა მრავალი.
კორონავირუსის გამო „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტებიც გაუქმდა…
– დიახ, გლობალური პანდემიის გამო, ისევე როგორც მსოფლიოში ყველა ორკესტრის, ასევე „საქართველოს სინფონიეტას“ არაერთი დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. გადაიდო ვალეტას (მალტა) ხმელთაშუაზღვის საკონფერენციო ცენტრის მიწვევით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 20, 21 და 24 მარტს მალტაზე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები. გაუქმდა ორკესტრის გასტროლი ბავარიაში (გერმანია) „გუთიმლინგის საოპერო ფესტივალზე“, რომელშიც ორკესტრი უკვე 9 წელია მონაწილებს და წელს მე-10, საიუბილეო ტურნე უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 29 მარტიდან, „საქართველოს სინფონიეტა“ თავის YouTube არხზე კონცერტების ონლაინჩვენებას ახორციელებდა და არაერთი უნიკალური ჩანაწერი შესთავაზა თავის ერთგულ მსმენელს.
ორკესტრს მომავალში არაერთი რეგიონალური თუ საერთაშორისო პროექტი აქვს დაგეგმილი და იმედია, ყველა პროექტი განხორციელდება.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები