რომან კაკულია: მთავარია, ბიზნესოპერატორებს არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ კანონპროექტი დააზიანებს მათ საქმიანობას, ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ კომუნიკაცია
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის, მეორე მოსმენით იმსჯელებენ კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებზე და მას კენჭს უყრიან.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ბიზნესასოციაციის, ეროვნული ბანკის, კომიტეტებიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, საპროცედურო კომიტეტის შენიშვნები და ამ შენიშვნების გათვალისწინებით ეყრება კენჭი“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
კაკულიას განმარტებით, მისი ინიციატივაა, რომ გადაიდოს განხილვა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების მეორე ნაწილის, რომელიც ინტერნეტმიმწოდებლებს ეხება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი იყო, რომელიც ეხებოდა მაუწყებლებს და ცხადია, კანონპროექტის გაწვევა გადაწყვეტილია, მაგრამ იყო მეორე ნაწილი, რომელიც ინტერნეტმიმწოდებლებს ეხებათ და ამ ნაწილში ჩემი შეათავაზება იქნება, რომ დღესაც გადაიდოს მოსმენა, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის.
ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია “აუცილებლობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე”, მაგრამ ამ პროცესში ცხადია, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს კანონპროექტი. შეხვედრა შედგა შაბათს, ძალიან ინტენსიური საუბრები იყო, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ არის დარჩენილი რესურსი შემდგომი შეთანხმებისთვის. დღევანდელი დღეც გვინდა, გამოვიყენოთ ამისთვის და ხვალ ჩავატერებთ კომიტეტის სხდომას იქიდან გამომდინარე, თუ რით დასრულდება დღევანდელი შეხვედრა.
როგორ ჩასწორდება, ვერ გეტყვით. მთავარია, ბიზნესოპერატორებს არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ არის კანონპროექტი, რომელიც სერიოზულად დააზიანებს მათ მომავალ საქმიანობას და ჩვენი ვალდებულებაა, ეს კომუნიკაცია უზრუნველვყოთ. ამის მცდელობა იყო და გაგრძელდება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.