მაია ცქიტიშვილი: ჩვენ გვაქვს 66 ახალი სკოლის მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციისა და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი
“ჩვენ გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციისა და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ქვემო ქართლში თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია მასშტაბურად შარშან პირველად დაიწყო.
„ქვემო ქართლში 16 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამურად, ეს, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებია. ვაშენებთ როგორც მცირე – 60-ბავშვიან, ისე – 250-ბავშვიან დიდ სკოლებს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში ბევრად უფრო კარგი გარემო შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც მათი სწავლის ხარისხზეც აისახება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში გვაქვს 2 ბაღის პროექტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი 4 სკოლა შენდება ერთდროულად, რაც ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხელშესახები შედეგია”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში, სოფელ საღრაშენსა და სოფელ ანაგეთში დასრულდება 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლებისს მშენებლობა. სამივე სკოლის მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სკოლები, რომლებშიც ბავშვები სწავლობდნენ, არის ძველი და არ შეესაბამება არანაირ საგანმანათლებლო სტანდარტს. ასევე, ფაქტობრივად, დასრულებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – გამარჯვებისა და კუმისის 110 და 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა. წესრიდგება ბაღების ეზოებიც.
ამ დროისთვის, ქვემო ქართლში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა.