„სულით ხორცამდე შემძრა იმ ამბავმა, როცა გავიგე, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა იცოდა მათი თანატოლების გასაჭირი, მათ კი „ქეიფი” გააგრძელეს მეორე დილამდე“

„19 წლის ბიჭი მოკლეს და ეჭვმიტანილთა მშობლებს ნახევარ საათში ძვირადღირებული ადვოკატები ჰყავდათ აყვანილი, ეს თუ იცით, ის რატომ არ გინდათ იცოდეთ, რომ ადვოკატი ღმერთთან ვერ ჩაგიდგებათ შუაში. ოთხი დღე-ღამე სხვის შვილს მდინარე დაათრევდა და თქვენ ადვოკატებს ეძებდით… რატომ არცერთ მშობელს აზრად არ მოგივიდათ, რომ შვილისთვის გეთხოვათ, სიმართლე ეთქვა“, – გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს ესპანეთის ქალაქ ბურგოსში მცხოვრები ემიგრანტი, ქართულ–ესპანური ასოციაციის „ქართველები ბურგოსში“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი თეა კუბლაშვილი.

„ესპანეთში ვცხოვრობ წლებია და ერთხელ ასეთ ამბავს შევესწარი – მთვრალი ახალგაზრდა ქუჩაში იდგა და გამვლელ-გამომვლელს აწუხებდა. არც იგინებოდა და არც აგრესიული იყო. უბრალოდ ხალხს აწუხებდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ პოლიციაში დარეკა (ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია, საზოგადოებრივი მოვალეობა და მოქალაქეობრივი შეგნება), მოვიდა პოლიცია, მშვიდად გადმოვიდა ოთხი კაცი მანქანიდან და შემოარტყეს წრე ნასვამ ბიჭს.
ერთი პოლიციელი გამოეყო ჯგუფს და დაუწყო ახსნა ახალგაზრდას, რომ ყველას შეიძლება შეემთხვეს ეს და დალიოს ერთი ჭიქით მეტი და ის იზრუნებდა, წაეყვანა სახლში დასაძინებლად. კარგა ხანს ცდილობდა სამართალდამცავი მთვრალი ბიჭის დარწმუნებას. ეფერებოდა და სთხოვდა: წავიდეთ სახლში, არ არის კარგი ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ახალგაზრდა ხარ და შარში გაეხვევიო.  ან ნომერი მითხარი და შენს ოჯახს დავურეკავო.
ვიდექი და გაოგნებული ვუყურებდი ამ ამბავს. მეჩქარებოდა, მაგრამ ადგილიდან ფეხის მოცვლას არ ვაპირებდი. მოკლედ….გაგრძელდა ეს ფერება – „დამიჯერე შენი ჭირიმე“ ერთი 20 წუთი, მაგრამ ბიჭი უფრო გაღიზიანდა და აგრესიული გახდა. მაშინ მოსაუბრე პოლიციელი მოსცილდა ახალგაზრდას და შეუერთდა სხვა პოლიციელებს წრეზე.
დავიძაბე და ვფიქრობ, აქედან არ წავალ, სანამ არ გავიგებ, რას იზამს ეს ოთხი პოლიციელი და მთვრალი „აგრესორი“-მეთქი.
დგანან წრეზე ოთხი კბილებამდე შეიარაღებული სამართალდამცავი და უხმოდ მოძრაობენ, საითაც ეს მთვრალი ბიჭი გადაადგილდება. გაიწევს ახალგაზრდა ერთ მხარეზე, რომ ვინმე გამვლელს დაელაპარაკოს და პოლიციაც დაჰყვება თან, დგას გამვლელებსა და ბიჭს შორის. ასე ჩუმად, ხმის ამოუღებლად უკეტავდნენ გზას ნასვამს, რომ სადმე არ წასულიყო და ვინმესთვის არ დაეშავებინა რამე. საოცარი სცენა იყო…არც მინახავს მსგავსი არაფერი. ჩემ გარდა ხალხი იდგა და უყურებდა. ერთი კაცი იყო ჩემ გვერდით და მეუბნება, ახლა ელოდებიან სასწრაფოს სპეციალურ ჯგუფს, მოვა მანქანა და წაიყვანსო. ახალგაზრდაა, უფრთხილდებიან მის მომავალს, არ უნდათ სიტუაციის გამწვავებაო.
მართლაც, 10-15 წუთში მოვიდა სასწრაფოს მსგავსი მანქანა, სამოქალაქო თავდაცვა ეწერა. მივიდნენ ნასვამთან, ორმა კაცმა ბიჭს ფრთხილად მოჰკიდა ხელი, უცბად შესვეს მანქანაში და წაიყვანეს. პოლიციაც გაჰყვა უკან. ვიდექი და ვფიქრობდი… ეს რა ვნახე, მამა ვერ მოეფერება შვილს და ვერ მოუთმენს ამდენს, რაც ამათმა უქუთქუთეს და შენი ჭირიმე-გენაცვალე უძახეს ამას-მეთქი.
ვფიქრობდი და მენანებოდა ჩემი ქვეყნის ნიჭიერი და ამაყი ახალგაზრდობა, დამყვავებელი და დამრიგებელი რომ არ ჰყავდა არავინ. მივხვდი, რომ იქ მოსული ოთხივე პოლიციელი მთვრალი ახალგაზრდის მფარველი ანგელოზები იყვნენ და ამას მოვალეობის შესრულება ერქვა.
იმ დღეს პოლიცია პროტოკოლს იცავდა, ეს პროტოკოლი არის კონტროლი ქცევაზე, რომელიც სავალდებულოა ყველა სამართალდამცავისთვის, ესაა კანონი და სახელმწიფო, მისი უზენაესობა კი ადამიანის სიცოცხლე და მომავლის გარანტიაა.
ყველამ იცის ეს, ესპანეთში, პარასკევს საღამოს ახალგაზრდები ბარებში გადიან და „ფიესტებს“ აწყობენ, თავისებურად ილხენენ და თვრებიან კიდეც…. და იცით, ვინ სდარაჯობთ მათ? – პოლიცია. ხუთი ახალგაზრდაც რომ შეიკრიბოს, ორი მანქანა პოლიცია მოდის, წინ და უკან კეტავს ქუჩას. სტუდენტები უნივერსიტეტებთან ბაღებში იკრიბებიან და სვამენ.. იქაც პოლიციაა მათი მეთვალყურე, ბავშვები სკოლიდან რომ გამოდიან, პოლიცია კეტავს გზას. თუ სადმე ექსკურსია ეწყობა, პოლიცია თან ახლავთ, ბავშვები პარკში თამაშობენ და პოლიცია იქაა. სკოლებში პოლიციის გაკვეთილებს ატარებენ, საუკეთესო კადრებს აგზავნიან ბავშვებთან სასაუბროდ, ურთიერთობენ ახალგაზრდობასთან და ცდილობენ, იახლობლონ მათთან. ესაუბრებიან ახალგაზრდებს პრობლემურ თემებზე და ასწავლიან სამოქალაქო აღზრდას.
ესაა სახელმწიფო, ჩემო ბატონებო, ამას ჰქვია მოქალაქეობრივი შეგნება. ასეთი პოლიცია მინდა ვნახო ჩემს ქვეყანაში. ასეთი დამოკიდებულება მინდა იყოს ახალგაზრდებთან მიმართებაში, დამთავრდეს უნდა „უბნელობია“ და ჩვენიანი-შენიანი, სახელმწიფომ მონაწილეობა უნდა მიიღოს მომავალი თაობის აღზრდაში. განთლება პრიორიტეტი უნდა იყოს ყველასთვის.
19 წლის ბიჭი მოკლეს და ეჭვმიტანილთა მშობლებს ნახევარ საათში ძვირადღირებული ადვოკატები ჰყავდათ აყვანილი, ეს თუ იცით, ის რატომ არ გინდათ იცოდეთ, რომ ადვოკატი ღმერთთან ვერ ჩაგიდგებათ შუაში.
ოთხი დღე-ღამე სხვის შვილს მდინარე დაათრევდა და თქვენ ადვოკატებს ეძებდით… რატომ არცერთ მშობელს აზრად არ მოგივიდათ, რომ შვილისთვის გეთხოვათ, სიმართლე ეთქვა, თქვენი შვილის ტოლა ბიჭს დედა რომ ეძებდა ჭალა-ჭალა.
მკვლელები უნდა დაისაჯონ! პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს.
25-კაციანი ქორწილი გადაიხადა კაცმა და დააჯარიმეს, 10 წელი უნდა იმუშაოს ჯარიმის დასაფარავად საქართველის ხელფასების მიხედვით. გოგონამ თავის დაბადების დღეზე ბილეთები გაყიდაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავს, ბილეთები გაყიდა? რა დისკოთეკა მოაწყო და ეს არავინ იცოდა? სად იყვნენ მშობლები? რატომ არის კანონი ერთი კაცისთვის და მეორესთვის არა? რას ჰქვია საბურთალოელი უცხოა და ნახალოვკელი შენიანი, სად ხართ, ხალხო, ჩარჩენილი, თუ იცით? არ უნდა დამთავრდეს ეს სიბნელე? რა დაგვემართა ქართველ ხალხს?
სულით ხორცამდე შემძრა იმ ამბავმა, როცა გავიგე, რომ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა იცოდა მათი თანატოლების გასაჭირი,  მათ კი „ქეიფი” გააგრძელეს მეორე დილამდე და თან ფოტოებს იღებდნენ.
რატომ ასეთი გულგრილობა და ეგოიზმი? აღზარდეთ შვილები ადამიანებად.
ვის უკვირს დღეს დაბადების დღის გადახდა და წვეულება, მაგრამ ეს რა არის? ახალგაზრდები ჩხუბობდნენ, საქმეს არჩევდნენ და არავინ დალაგებული გონების ახლოს არ იყო, პოლიციისთვის რომ დაერეკა. ვინ ხართ თქვენ, ხალხო? ან მეზობელი არ გამოჩნდა ან გამვლელი ვინმე? 19 წლის ბიჭი მოკლეს და წყალს ათრევინეს ოთხი დღე….და ვითომ არაფერი ხდებოდა, სიტყვა არ თქვა არავინ.
ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა მიიღო ამ დიდ ტრაგედიაში.
ვწუხვარ და თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს და მთელს საქართველოს. თვალს ვადევნებ პროკურატურის გამოძიებას და იმედი მაქვს სამართლიანი განაჩენის. საზოგადოებას სჭირდება სამართლებრივი გარანტიები, მომავალი თაობა კანონიერ და სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა აღიზარდოს“, – წერს თეა კუბლაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები