ლელა აქიაშვილმა საქართველოს პარლამენტს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ლელა აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაზე, მის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე, რაც მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თუ ბავშვების უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად, ასევე, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დასამკვიდრებლად.

პრემიერმინისტრის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ ის შედეგი, რაც ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებობს, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, საჯარო უწყებების, სახალხო დამცველის, თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების კოორდინაციის დამსახურებით არის მიღწეული. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა აქტორს.

ლელა აქიაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრის ადამიანის უფლებების საბჭო მომავალშიც განაგრძობს უწყებათაშორის კოორდინაციას, რათა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი იქნას უზრუნველყოფილი როგორც პანდემიის დროს, ისე – მის შემდგომ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები