გუშინ ღამით გლდანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ რამდენჯერმე გაისროლა – პოლიციამ პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა
გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
„2020 წლის 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ერთერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ – 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.
„ბ.შ. დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
გლდანში, საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც შემთხვევა მოხდა, გვიან ღამემდე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები.