ენტონი ფაუჩი: მსოფლიო პანდემიის ჯერ კიდევ დასაწყის სტადიაში იმყოფება, სავარაუდოდ, ის უფრო გაძლიერდება
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის მოსაზრებით, მსოფლიო კორონავირუსის ჯერ კიდევ დასაწყის სტადიაში იმყოფება, რომელიც, მაღალი ალბათობით, გაძლიერდება.
ამის შესახებ ექიმმა ფაუჩიმ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ვხედავთ დიდ აფეთქებებს ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ახლა უკვე აზიაშიც, ამიტომ, გლობალური პანდემიის ჯერ კიდევ დასაწყის სტადიაში ვიმყოფებით, რომელიც, სავარაუდოდ, შესუსტებამდე კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
მისი თქმით, თუ ქვეყნები პანდემიის შესაკავებლად კოორდინებულ ზომებს არ მიმართავენ, ვირუსი აქტიურ გავრცელებას კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გააგრძელებს.
გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ-ში ვირუსის აფეთქების კონტროლზე აყვანა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
”ცუდია, რომ ზოგიერთმა შტატმა საქმიანობის განახლების მცდელობაში სწრაფად მოქმედება დაიწყო. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები რეკომენდაციებს არ იცავდა. ამის შედეგად, ვხედავთ ინფიცირებულთა მატებას კალიფორნიაში, არიზონაში, ფლორიდასა და ტეხასში”, – განმარტა ფაუჩიმ.