თამარ გაბუნია: ოპოზიციის ნაწილის შეფასებები, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტს მოკლებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის შეფასებები, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტს მოკლებულია.

“ისტორიულად, 2009 წლიდან რაც ეს კანონი მოქმედებს, 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა, წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მარტივად მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადები წამლის ფასებს ვერც შეაკავებს და ვერც მათ ზრდაზე მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ასეთ უმნიშვნელო მატებასთან. მეორე საკითხი რაც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ ძალიან ბევრი მედიკამენტი რეგისტრირდებოდა და შემდეგ მისი მცირე ნაწილი, დაახლოებით 20-30 პროცენტი შემოდის ქვეყანაში. ასე რომ, არგუმენტი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისას საბაჟოზე მისი დაყოვნების ვადა გახანგრძლივდება ამ ცვლილებების გამო, ესეც არგუმენტს მოკლებულია. ამდენად, აქ ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გაუმჯობესდეს პროცედურული წარმოება და მეტი გარანტია შექმნას მარეგულირებელმა მოსახლეობისთვის შედარებით ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებისთვის. ზოგადად რამდენადმე გადაჭარბებულია ამ ცვლილებების პოტენციალის შეფასება წამლის ფასებსა და კონკურენციაზე ზეგავლენის თვალსაზრისით”,- განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე უპასუხა ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წამლების ფასის ზრდა სწორედ იმ დადგენილების შედეგია, რომლითაც წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ფასის ზრდა არა ამ ფაქტორს, არამედ პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები