ივანე მაჭავარიანი: რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ, ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი
“რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ, ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში საზღვრების გახსნის მიზანშეწონილობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ზუსტად იყოს დათვლილი რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი.
„კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, თუ რატომ ვართ ფრთხილები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ქვეყნები, საიდანაც საქართვეველოში ტურისტების ლომის წილი შემოდიოდა, სამწუხაროდ, დღეს ეპიდემიის პიკში არიან და მათთან არ შემცირებულა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი გავრცელებაა, რისკი მაინც არსებობს. შეიძლება, ჩვენ ასეთი რეალური სურათის წინაშე დავდგეთ: მივიღებთ ეკონომიკურად ძალიან მცირე შედეგს, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ვირუსი გავრცელდეს. რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი ამ შემთხვევაში არ ბალანსდება. ზოგი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ გარდაუვალია საზღვრების გახსნა, მაგრამ ჩვენ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ, ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი. არასწორი იქნება რისკი, თუ ჩვენ გავუხსნით საზღვარს ქვეყანას, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის და დიდია ვირუსის გავრცელების რისკიც. ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენ შემდეგნაირად ვუდგებოდით – იქ, საიდანაც ჩამომსვლელების რაოდენობა ასე თუ ისე მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნები და ამავდროულად, რისკი დაბალია, ეს უკვე ნიშანია, რომ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება და საზღვრის გახსნა. მაგრამ საიდანაც დაბალია გავრცელების რისკი და, ამავდროულად, ტურისტებიც ძალიან ცოტაა და მატერიალური ხელშესახები შედეგი ამას არ აქვს, შეიძლება, ვირუსის მინიმალური გავრცელება მოჰყვეს. მაგალითად, იტალიამ საქართველოს საზღვარი არ გაუხსნა. რატომ, საქართველო ხომ უსაფრთხოა? თუმცა მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არაა საინტერესო მიმართულება და ის მინიმალური, ნოლთან მიახლოებული რისკიც კი არ აიღო, თუმცა დიდ ბრიტანეთს გაუხსნეს საზღვარი, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო დიდია, თუმცა ამ რისკზე წასვლა იტალიას უღირს იმიტომ, რომ მატერიალურად მნიშვნელოვანია და მასშტაბურია დიდი ბრიტანეთიდან ჩასულთა რაოდენობა. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, როგორც კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ასევე, ზოგადად, რეგიონში შენელდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და გაუთანაბრდება ევროპის მაჩვენებლებს, ბევრად უფრო გამართლებული იქნება მინიმალური გავრცელების რისკის დაშვება და საზღვრების გახსნა, რადგან ქვეყანა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს ტურიზმიდან.