სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა 200-დან 1000 ლარამდე ჯარიმის ოდენობით ისჯება
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკას ფერმერები კვლავ იყენებენ.
“გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებსა და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.