“ფოტოგრაფს, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულია, მომხდარიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგობიანთან კომუნიკაცია არ ჰქონია”
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, “ფოტოგრაფის” ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რომ, მისი ინფორმაციით, მომხდარის დღიდან შს სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს რამდენიმე დღის განმავლობაში არც იაკობ ბრეგვაძესთან და არც მის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
“რაც შეეხება ჩემი კოლეგის, ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესა და მის ოჯახთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის დღიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში ცალსახად დაზარალებულია და მინიჭებული აქვს ეს სტატუსი, ვინაიდან მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი.
ტყუილია, ასევე, რომ წაშლილია რაღაც მასალები”, – აღნიშნა ბორცვაძემ.