გენადი მარგველაშვილი: წარმატებას ვუსურვებ ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო და მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში მონაწილე თითოეულ აპლიკანტს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმიანება და თითოეულ აპლიკანტს წარმატებას უსურვებს.

„დღეს საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ეს არის ყველაზე მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, შესაბამისად, წელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მართებს გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ უწყებას.

კომიტეტის სახელით მინდა, წარმატება ვუსურვო ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო და მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში მონაწილე თითოეულ აპლიკანტს.

შეუძლებელია, არ გამოვყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლთა განსაკუთრებული როლი, რომელთა დაუღალავი შრომითაც შემუშავდა როგორც რეკომენდაციები, ასევე, წესები, რომელიც, ერთი მხრივ, მორგებულია აპლიკანტთა ინტერესებზე, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფენ დაავადებათა პრევენციას.

და ბოლოს, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ დამკვირვებელს, გამსწორებელს, ექიმსა და პოლიციელს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ცდილობს გამოცდების უხარვეზოდ წარმართვას”, – აცხადებს გენადი მარგველაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები