გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე ლაგოდეხის ხევი მოინახულა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ – პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე ლაგოდეხის ხევი მოინახულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ლაგოდეხის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ცენტრის დირექტორმა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის მიზნებზე, ამოცანებსა და აღნიშნულ მდინარეზე დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი – სანდრო შავლაყაძე ესწრებოდა, რომელმაც მზაობა გამოხატა პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის.
პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებასა და მრავალმხრივი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ და მის განხორცილებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.