„მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი“- გამოფენა გაიხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network-ის ინფორმაციით, გამოფენა – „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი“ გაიხსნება.

6 ივლისიდან, 2 თვის განმავლობაში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იქნება გამოფენილი ქართველი მოდერნისტი მხატვრის, იოსებ გაბაშვილის (1908-1973) შემოქმედება, შეძლებისდაგვარად, სრული სახით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა გააერთიანებს ოთხი ათწლეულის განმავლობაში – 1920-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ავტორის 200-მდე ნამუშევარს: ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოსა და თეატრის მხატვრობა.

იოსებ გაბაშვილი მოდერნისტი მხატვრების მეორე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც გასაბჭოების პირველ პერიოდში – 1920-იან წლებში დაიწყო მუშაობა. 1910-იანი წლების თბილისური ავანგარდი ამ დროს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ხელოვანთა შემოქმედება ერთი მხრივ კონტროლირებადია, მეორე მხრივ კი თითქოს შენარჩუნებული აქვს თავისუფლება. ის, რომ მალე „დუმილის პერიოდი“ დაიწყება, უკვე 1920-იანი წლების მიწურულს გამოჩნდება. 1930-იანი წლები, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ამ ტენდენციას მკაფიოდ დაადასტურებს.

გამოფენა „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი“ მიზნად ისახავს, მხატვრის, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, სახელოვნებო მემკვიდრეობის წარმოჩენას, მისი შემოქმედების მოდერნისტულ კონტექსტში შესწავლის ხელშეწყობას და, ამდენად, თავად ქართული სახვითი მოდერნიზმის საზღვრების გაფართოების პროცესის დაწყებას.

ეროვნული გალერეის მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება წიგნი „იოსებ გაბაშვილი“, რომელიც აერთიანებს მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა.

გამოფენის კურატორი: ნანა ყიფიანი; თანაკურატორი: ლია ბაგრატიონი;  ექსპოზიციის ავტორი: ლევან ჭოღოშვილი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: თბილისის მერია / Tbilisi City Hall და TBC – თიბისი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 6 ივლისი – 12 სექტემბერი, 2020
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11

დასწრება თავისუფალია. ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების თანახმად, დამთვალიერებლები დარბაზში ეტაპობრივად დაიშვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები