„მთვარეს მოვუყევი ჩემი ფიქრები“ –  ხატვა, როგორც უფლის საჩუქარი, და ფანერის ნაჭერზე ჩახატული „შინ დაბრუნება“

ახმეტის რაიონში გაიზარდა. სკოლის პერიოდში გატაცებული იყო  თექით, ხელოვნების სკოლაშიც დადიოდა. სკოლის დასრულების შემდეგ ფარმაცევტობაც სცადა, მაგრამ მიხვდა, რომ მისი საქმე არ იყო. შემდეგ კი იტალიაში, ემიგრაციაში, მოუწია წამოსვლამ.
5 წელია იტალიის ქალაქ ბარიში ემიგრატული ცხოვრებით ცხოვრობს. ბოლო 2 წელია კი ხატვამ გაიტაცა. ამბობს, რომ ხატვა ემიგრანტულ ცხოვრებას ლამაზებს ადვილებს. თუმცა ჯერ სწავლის და ძიების პროცეშია. – სალომე მესაბლიშვილის პერსონა.

– მყავს მამა, დედა დედაჩემი ჩემი „გმირია“, 1 წელია ისიც იტალიაში იმყოფება, მყავს და,  ძმა და დისშვილი, რომელიც 9 თვის არის, რომელსაც არ შევხვედრილვარ და ძალიან მწყდება გული.
ბებო- პაპასთან გატარებული ჩემი ბავშვობა მახსოვს, ძალიან ლამაზი სოფელი ხევისჭალა, სკოლის არდადეგებზე ყოველთვის იქ მივდიოდი. მაშინ დენი არ იყო იქ, ტელეფონი არ მქონდა, ახალგაზრდებისთვის გასართობი არაფერი იყო, მაინც ყოველ ზაფხულს იქ მივდიოდი.
მეუბნებოდნენ, ნუ მიდიხარ, იქ მოგწყინდებაო. მაგრამ არ მწყინდებოდა. სოფელში უამრავი საქმეა.  ბებოს ყველაფერში ვეხმარებოდი, საღამოს საქმეს რომ მოვრჩებოდი, სანთლის შუქზე მივირთმევდით ვახშამს. ათას ამბავს ვუყვებოდი, ისინიც მისმენდნენ, ძალიან მენატრებიან! იქაური სიმშვიდე მენატრება და მაკლია.
სკოლაში სწავლისას გაჭირვება იყო,  ბევრი მუშაობა გვიწევდა, თუმცა ღმერთის წყალობით გავიარეთ ის პერიოდიც. ჩემი მასწავლებლები და კლასელები ძალიან მენატრებიან, სკოლის პერიოდში გატაცებული ვიყავი  თექით, ხშირად გაკვეთილებსაც ვაცდენდი. ახმეტის  ხელოვნების სკოლაში დავდიოდი, სამწუხაროდ, გაგრძელება ვერ შევძელი, თუმცა სამომავლოდ  ვაპირებ.  მაშინ უფრო მეტად ინგლისური და ისტორია მიყვარდა.
ემიგრაციაში წამოსვლამდე?
– ემიგრაციაში წამოსვლამდე თელავში ვსწავლობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ფარმაცევტული დავამთავრე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს საქმე  არ მაინტერესებდა. შემდეგ სასტუმროს ადმინისტრაციით დავინტერესდი, რაც უფრო მომეწონა და დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე, თუმცა ისე მოხდა, რომ იტალიაში წამოსვლა მომიწია.
5 წელია ემიგრაციაში ხართ, ბარიში… როგორი იყო განცდა, როცა სამშობლო დატოვეთ და უცხო გარემოში მოხვდით?
– ძალიან ცუდი განცდა იყო, როცა იცი, რომ სამუშაოდ მიდიხარ და იძულებული ხარ, შენი საყვარელი ადამიანებისგან შორს წახვიდე. სხვა გამოსავალი მაშინ ვერ ვიპოვე, რომ სამშობლოში დავრმჩენილიყავი.  ჩამოსვლიდან 3 თვეში შევედი სამსახურში, ფსიქოლოგიურად ცოტა გამიჭირდა, თუმცა იმავდროულად ვსწავლობდი და შევეგუე ჩემს არსებულ სამსახურს.
ხატვა ორი წელია დაიწყეთ… პირველი ნამუშევრები…
– ხატვა  2018 წლის ივნისში დავიწყე. მახსოვს, სავსე მთვარე იყო. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანს ის საქმე არ ჰქონდეს, რაც ბედნიერებას მიანიჭებს. საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი. მეგობრები შეწუხებულები მყავდნენ ამ თემაზე საუბრით.
ერთ ღამესაც, როგორც ყოველთვის, მთვარეს ვესაუბრებოდი (ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა). როგორც ჩემს საუკეთესო მეგობარს და  მსმენელს, მას მოვუყევი ჩემი განცდები და ფიქრები. მეორე დილას, უთენიისას, გამეღვიძა და ისე მინდოდა, მეხატა… ორი ფანქრის მეტი ვერ ვიპოვე სახლში, ამიტომ, ვფიქრობ, ღმერთმა შეისმინა ჩემი სურვილი და დამასაჩუქრა.
ჩემით ვისწავლე ხატვა.  უფრო მეტის სწავლა მინდა. მასწავლებელთან დავიწყე სიარული, თუმცა კვირაში 2 საათს ძლივს ვუთმობ.
 როდისღა ხატავთ, როცა პარალელურად ორ მოხუცთან მუშაობთ?

„ვაჟა-ფშაველა“

– ძალიან რთულია, ძირითადად ღამე ვხატავდი,  ყველას რომ ეძინა, ახლა შეკვეთებიც მაქვს. მინდა დიდ ტილოებზე ვიმუშაო. ამიტომ ადგილის ძიებაში ვარ.
შთაგონება?..
– შთაგონებაა ჩემი  შინაგანი ხმა და ჩემი სულიერი მდგომარეობა.  ვფიქრობ ხელოვნება ადამიანის სულის პრეზენტაციაა, ხატვის პროცესი ძალიან მიყვარს, ჩემს თავთან მარტო ვრჩები. ფუნჯის საშუალებით შემიძლია იმ სამყაროში გავუჩინარდე, სადაც მშვიდად ვარ ყოფნა მომწონს.
 როგორ დახატეთ ვაჟა-ფშაველა?
– არც კი ვიცი, უცებ მომაგონდა. დილით ჩემს სამუშაო მაგიდასთან ყავას ვსვამდი. სანამ საქმეს დავიწყებდი, ყავით უცებ 15 წუთში  დავხატე,  შემდეგ კი აკვარელში დავასრულე.
საინტერესო ამბავი…

„ჯადოსნური მთა“

– ძირითადად, ჩემი განცდების მიხედვით ვხატავ. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ნამუშევარი „ჯადოსნური მთა“, რომელიც სულ ცოტა ხანია დავასრულე, ჯერ ფეისბუქის გვერდზე არ გამიზიარებია, ამ ნამუშევარში ჩანს დღევანდელი ჩემი ოცნება და სურვილი.
დიდი იმედი მაქვს, ამ ნამუშევარს მალე გავაცოცხლებ.
ძირითადად პეიზაჟების ხატვა მიყვარს – მთების, ხეების, ყვავილების. საერთოდ, ბუნება მიყვარს ძალიან.
კორონავირუსი და მხატვრობა… განცდა კარანტინის დროს…
-.ურთულესი იყო ჩემთვის. ისედაც განვიცდი ჩემს მდგომარეობას,  24 საათი შინ ვარ. ამას  დაემატა კარანტინი. გალიაში ყოფნისას კიდევ კედელს რომ ამოგიშენებენ, ასე ვგრძნობდი თავს, მაგრამ დადებითი განწყობა მქონდა, სახლში ბევრ რამეს ვაკეთებდი – ყვავილები გავაშენე და  ვუვლიდი. ამ პერიოდში დავხატე „მლოცველი“, „შინ დაბრუნება“  და რამდენიმე სხვა ნამუშევარი.
– კარანტინის დროს შინ დაბრუნების განცდა გქონდათ…
– კი, ძალიან, ყველა კუთხე-კუნჭული მომენატრა, კარანტინის დროს მასალაც  გამითავდა. ფანერის ნაჭერი ვიპოვე და  იმაზე დავხატე „შინ დაბრუნება“. მგონი, ცოტა ნოსტალგიური გამომივიდა.
– „მლოცველი“?

„მლოცველი“

– ეკლესია, როგორც დავინახე ფიქრებში, ისე დავხატე. კარანტინის დროს მინდოდა  მშვიდ ადგილას, ყველაფრისგან შორს ყოფნა და ნახატიც ასეთი გამოვიდა, ამ განცდის ამსახველი… რა თქმა უნდა, ტაძართან, უფალთან ახლოს მინდოდა ყოფნა.
 ჯერ სწავლის და ძიების პროცესში ხართ… რას აპირებთ სამომავლოდ?
–  სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს, მინდა ჩემი გზა, სტილი ვიპოვო მხატვრობაში, რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობის შედეგად.
ადამიანმა ოცნება არ უნდა შეწყვიტოს, რადგან ოცნებები ხდება.
ჰობი…
– ჩემი ჰობი და კიდევ ერთი გატაცება „ფოტოგრაფობაა“ თავისუფალ დროს, რაც ხშირად არ მაქვს.
შორიდან დანახული საქართველო…
– ვხედავ, თუ როგორ უჭირს ჩემს ერს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია დღევანდელი საქართველო,  თუმცა იმედს არ ვკარგავ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები