“დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას”, – ამის შესახებ შს სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ნინო გიორგობიანი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“პირველ ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს.
ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად – მამაჩემის დის შვილიშვილი.
დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.
იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და, როგორც ჩანს, ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.
ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ მე მხოლოდ 22 ივნისს მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.
არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია!
დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს”, – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.