„კალიგრაფიული კომპოზიციები“ – გამოფენის გახსნა

3 ივლისი, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიორგი გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა – „კალიგრაფიული კომპოზიციები“ გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ გამოფენით ეროვნული გალერეა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მუდმივმოქმედ ექსპოზიციასთან ერთად, დამთვალიერებელს ახალ გამოფენასაც სთავაზობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი კალიგრაფიული კომპოზიციები ავტორის შემოქმედების სრულიად ახალი ეტაპია. სხვადასხვა მედიაში შესრულებულ 21 კომპოზიციაში ხელოვანის მონუმენტალური ხედვა დინამიკურ და ექსპრესიულ ნაკადად გარდაიქმნება. კოლექციამ შესაძლოა, იაპონური პოეზიის ლაკონური და დახვეწილი გამომსახველობაც მოგაგონოთ.

„გიორგი გუგუშვილის ნამუშევრებს აქვთ საგრძნობლად ძლიერი და მკვეთრად ინდივიდუალური გამომსახველობა, რაც ზოგიერთისთვის ძნელად აღსაქმელი და გაუგებარიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ მათთვის, ვისაც ამგვარი უკომპრომისო და ექსპრესიული ნამუშევრების ენა ესმის, ეს გამოფენა აღსავსე იქნება ახალი, დინამიკური იმპულსებით, განსხვავებული ესთეტიკით და მრავალი სხვა სასიამოვნო აღმოჩენით”, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე ქეთა გაბიანი.
გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები გამოირჩევა ლაკონურობით, ექსპრესიულობითა და მონუმენტალობით. ხელოვანი რეალობას მძაფრად და უკომპრომისოდ, პერიოდულად კი იმპერატიულადაც აღიქვამს.

გამოფენის ხანგრძლივობა: 3 ივლისი – 2 აგვისტო.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების თანახმად, დამთვალიერებლები დარბაზში ეტაპობრივად დაიშვებიან.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები