გიორგი გახარია: ისტორიული პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნებით – ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი

“ისტორიული პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნებით – ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები. პრემიერი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს.

„ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს დემოკრატიზაციისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე და ეს მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა ყველას კარგად გესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და რომელსაც ჩვენ, ყველა ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური, პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და, საბოლოოდ, ეს ისტორიული პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული ღია, გამჭვირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და, შესაბამისად, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები