ირაკლი პეტრიაშვილი: მსოფლიოს უნდა ეყოს გონიერება, გაანალიზოს შრომის და სოციალური დაცვის სფეროში პანდემიამდე არსებული პრობლემები და შეიმუშაოს ახალი არქიტექტურა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) ახალ, გარდამტეხ რეალობაში, მისი როლი, მომავალი და პერსპექტივა დღეს გლობალურ სამიტზე განიხილება.
სამიტში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მსოფლიოს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად.
როგორც “კვირას” პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, შეკრებილი საზოგადოება მსჯელობს პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო კრიზისზე, რომელმაც ისევე, როგორც ომების წლებში – დღესაც მილიონობით ადამიანი დატოვა უმუშევარი, გააკოტრა საწარმოები და დაგვაყენა უამრავი ადამიანური ტრაგედიის პირისპირ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია თვლის, რომ წესრიგის დამყარების ფუნდამენტი ეკონომიკური სამართლიანობაა, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იქნას დემოკრატიისა და თანასწორობის საფუძველზე. სწორედ ამ და სხვა საკითხს ეძღვნება ორგანიზაციის გლობალური სამიტი, რომელიც კრიზისის გამო ონლაინ რეჟიმში იმართება.
მსჯელობის საგანია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლი და ეფექტიანობა კრიზისის გადაწყვეტის საქმეში, მისი ნორმების სისტემა, ფუნდამენტური უფლებები შრომით სფეროში, სოციალური დიალოგი, როგორც უნიკალური ინსტრუმენტი, რომელმაც დაამტკიცა ეფექტურობა კრიზისულ წლებსა და პერიოდებში.
ირაკლი პეტრიაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ მასშტაბურ ღონისძიებაზე არაერთი ქვეყნის და პროფკავშირების ლიდერებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთადაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ სამიტის აქტიურ მონაწილეებს შორის არიან: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი რგოლი, გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალური მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი, ევროკომისარი სამუშაო ადგილებისა და სოციალური უფლებების საკითხებში ნიკოლას შმიტი, პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) გენერალური მდივანი ლუკა ვისენტინი,
დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) ევროპისა და შუა აზიის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი რენატ ჰორნუნგ-დრაუსი. პორტუგალიის შრომის, სოლიდარობის და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი ანა მენდეს გოდინიო, შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების სახელმწიფო სამდივნო (SECO) დკოქტორი ბორის ცურხერი, შვედეთის პროფესიული დასაქმებულების კონფედერაციის (CTO) პრეზიდენტი ტერეზა სვანსტრომი.
ირაკლი პეტრიაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო მასშტაბით შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შეაფასა. გამოსვლაში საქართველოს პროფკავშირების ლიდერმა და პროფკავშირების პანევორპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კრიზისის გამო მილიონობით დაკარგულ სამუშაო ადგილზე, დახურულ ბიზნესებზე და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე. მისი განცხადებით შემოსავლის გარეშე დარჩენა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთა ბიუჯეტშიც არც მანამდე იყო საკმარისად გათვალისწინებული სოციალური ხარჯები. ამის გამო ამ ქვეყნების ბევრი მოქალაქე სამუშაო ადგილის დაკარგვის შემდეგ, მინიმალური უზრუნველყოფის გარეშე რჩება. საუბარია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, სადაც არ არსებობს ან არასაკმარისია: უმუშევრობის ბენეფიტები, მინიმალური ხელფასი, საპენსიო დანაზოგები.
პეტრიაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კრიზისზე სწრაფი რეაგირება მთავრობების მხრიდან და პროცესში სოციალური პარტნიორების ჩართულობა.
“სოციალურმა პარტნიორებმა ყველაზე უკეთ იციან დასაქმებულთა, თუ კომპანიების საჭიროებები, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იწვევს სწორად ორიენტირებული და ეფექტური პრევენციის ზომების მიღებას Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში.” – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
სოციალურ დიალოგზე საუბრისას პეტრიაშვილი შეეხო იმ ქვეყნების მაგალითებსაც, სადაც პროფკავშირების და მის წარმომადგენლებს დევნიან და ავიწროებენ, უარესდება შრომის კანონმდებლობა. ასეთ ქვეყნებს შორის არიან: ბელორუსი, ყირგიზეთი, თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა და პოლონეთი, სადაც კანონმდებლობაში შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელიც სოციალური დიალოგის საბჭოს ქმედუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მოუწოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას იყოს უფრო მკაცრი მსგავსი დარღვევების შეფასებისას, რათა არ მოხდეს ისე, რომ სამი სოციალური პარტნიორიდან ერთ-ერთი არ დაკნინდეს იმ დონემდე, რომ ორგანიზაციის სამმხრივობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
პეტრიაშვილმა ისაუბრა მაღალი უთანასწორობის პრობლემაზე, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რთულ მდგომარეობაზე, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა, იქ დასაქმებულთა დაუცველობასა და უუფლებობაზე, ასევე იმაზე, რომ ამ სფეროში შემოსავალი 60%-ით შემცირდა, ამასთანავე შეეხო ქალებისა და მამაკაცების უთანასწორობას და ახალგაზრდების პრობლემებზე.
“მსოფლიოს უნდა ეყოს გონიერება, რათა პანდემიის პირობებში გაანალიზოს შრომის და სოციალური დაცვის სფეროში პანდემიამდე არსებული ქრონიკული პრობლემები და სოციალური დიალოგის რეჟიმში შეიმუშაოს შრომის სფეროს ახალი არქიტექტურა, რომელიც ბევრად უკეთესი, სამართლიანი და მდგრადი იქნება (new normal). ჩვენი ამბიცია არ უნდა იყოს პანდემიამდე მდგომარეობაში დაბრუნება, რადგან ის არ იყო სასურველი მდგომარეობა. „ახალი რეალობის“ შექმნა უნდა დავიწყოთ ახალი სოციალური კონტრაქტის თემის განხილვის განახლებით, რომელსაც პანდემიამ კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შესძინა და ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია შსო მიუბრუნდეს შრომის საყოველთაო გარანტიის (Universal Labour Guarantee) საკითხს, შრომის სამყაროსთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად,”- დასძინა ირაკლი პეტრიაშვილმა.
სამიტზე განსახილველი საკითხებს შორისაა:
• გადაუდებელი და მდგრადი სოციალური დაცვა ყველასათვის;
• დასაქმების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ღონისძიებების განხორციელება;
• გადაუდებელი დახმარება ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფისა და მდგრადი საწარმოებისათვის გარემოს შესაქმნელად;
• შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, მათ შორის სამუშაოზე უსაფრთხო დაბრუნების მიზნით;
• დისკრიმინაციის პრევენცია;
• ახალი სამუშაო შეთანხმებები, მათ შორის დისტანციური სამუშაოები და ანაზღაურებადი შვებულებები;
აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოსთვის ყველა კრიტიკულ პერიოდში ახერხებდა ყოფილიყო წესრიგის დამყარების საფუძველი. დღეს, შრომის საერთაშირისო ორგანიზაციის სამიტს აქვს რამდენიმე ამოცანა, მათ შორის, ახალი რეალობისთვის შესაბამისი ნორმების განსაზღვრა, კონვენციების შემუშავება და ახალი ნორმების რეალიზება პრაქტიკაში, აგრეთვე სამეთვალყურეო მექანიზმების გაძლიერება.