დაცული ტერიტორიების განვითარების საუკეთესო ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა
ტრენინგის „დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობისა და მართვის საორიენტაციო საფუძვლები“ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა – პაატა შანშიაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გადაამზადეს.
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ხატია წილოსანმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა და აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა, პაატა შანშიაშვილმა გადასცეს.
„ამერიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე – კერძო სექტორთანდაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. საგრანტო პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა და თანამშრომლებისთვის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოტურიზმის განვითარებას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
ღონისძიება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიაში პირველ დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა.
„ჩვენი პარტნიორობის მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, დავეხმაროთ საქართველოს ეროვნულ პარკებს განვითარებაში. ეროვნული პარკები ეროვნული საგანძურია და პოტენციური წყაროა სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლებისთვის”, – განაცხადა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა.