ნათია თურნავა: აპრილთან შედარებით, მაისში ოდნავ უკეთესი ვითარებაა

“თქვენ ხედავთ, აპრილთან შედარებით მაისში ოდნავ უკეთესი ვითარებაა”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მაისში ეკონომიკის 13.5%-იან შემცირებას.

მისივე თქმით, წინა თვეებში მაღალი ეკონომიკური ვარდნა საგანგებო მდგომარეობის პერიოდს უკავშირდება.

„აპრილში შემცირება იყო 16.5%, მაისში ნაკლები შემცირებაა – 13.5%. აქ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ მაისის ბოლო პერიოდში აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები დაწყებული იყო. ზოგადად, ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო. აპრილი-მაისი ჩვენ მაინც საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად, დროებით შეჩერებული გვქონდა ბიზნესაქტივობა, ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად გადავრჩენილიყავით და ის ნეგატიური ტენდენციები არ გაგვემეორებინა, რაც ბევრ სხვა სახელმწიფოში მოხდა. უფრო უნდა დავაკვირდეთ შემდგომი თვეების სტატისტიკას, სადაც უკვე ბიზნესაქტივობა მეტნაკლებად ამოქმედებული იქნება და ეს ივნისი-ივლისის თვეების სტატისტიკაში აისახება. რა თქმა უნდა, კვლავ ნეგატიურ დინამიკას ველოდებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით -4, -5 პროცენტი იქნება, თუმცა 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კვლავ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ. თქვენ ხედავთ, აპრილთან შედარებით მაისში ოდნავ უკეთესი ვითარებაა”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები