ნათია თურნავა: ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ, რომ საბოლოო სიაში, რომელიც გამოქვეყნდება, აუცილებლად ვიყოთ, ყველა კრიტერიუმით ჩვენ, უსაფრთხო ქვეყანა ვართ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო უსაფრთხოების კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდეს.
მინისტრის თქმით, ამ სიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს.
„ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად, რომ საბოლოო სიაში, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნდება და იქნება ყველა წევრთან შეთანხმებული, ჩვენ აუცილებლად ვიყოთ. ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის პირველი და განმსაზღვრელი ამ სიაში მოხვედრის, როდესაც შენ ეპიდემიოლოგიურად ხარ უსაფრთხო, კარგად მართული და საიმედო ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს სია გახდება ცნობილი. ვაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას იმ პროცედურებზე, რასაც ალბათ შემოიღებს ან თანდართული იქნება ამ სიასთან ერთად, თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ამ სიაში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა თურნავამ.