ნათია თურნავა: კარგად იცის ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბენეფიციარები „ქართუ ფონდის“ ერთადერთი შემომწირველები არიან
“ძალიან გთხოვთ, ბნელ ოთახში კატას ნუ ვეძებთ, დავკავდეთ საქმით”, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კითხვას, რომელიც ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის შეძენას ეხებოდა. კითხვის მიხედვით, ოპოზიცია ამ ფაქტს ფულის გათეთრებად აფასებს.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბენეფიციარები არიან „ქართუ ფონდის“ ერთადერთი შემომწირველები და უზარმაზარი ქველმოქმედება აქვთ განხორციელებული.
„მეგობრებო, სერიოზული კითხვები დამისვით ხოლმე. ამორალურია, რაზეც ისინი საუბრობენ. იყო საუბარი, თითქოს, „ქართუ ფონდს“ საიდან აქვს სახსრები. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბენეფიციარები არიან ერთადერთი შემომწირველები „ქართუ ფონდისა“. უზარმაზარი ქველმოქმედება აქვთ განხორციელებული, სამ მილიარდზე მეტი, რაც არის საერთაშორისო აუდიტით დადასტურებული. ამ ნაწილზე არ აქვთ შეკითხვები, ქველმოქმედებასთან დაკავშირებული? არ სურთ ამაზე საუბარი? კეთილი. ძალიან გთხოვთ, ბნელ ოთახში კატას ნუ ვეძებთ, დავკავდეთ საქმით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.