„ჯერ მიწას ვემთხვევი და შემდეგ ხმამაღლა ვიტყვი: „გამარჯობა, მე დავბრუნდი“…

რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. წარმატებით დაასრულა მე-18 საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურაშიც უნდოდა სწავლის გაგრძელება, მეცნიერება იზიდავდა, მაგრამ ოჯახისა და შვილების  გამო  საამისოდ დრო ვეღარ გამონახა.
ასე აღმოჩნდა სკოლაში და მეცნიერის ნაცვლად სკოლის მასწავლებელი გახდა. წლების მანძილზე სიყვარულით ემსახურებოდა მოზარდის აღზრდის ურთულეს საქმეს. ბოლოს კი, სხვა ქართველების მსგავსად, ისიც იძულებული გახდა, ემიგრაციის გზას დასდგომოდა.
ამჟამად იმყოფება იტალიის ქალაქ ბარიში.   მართალია,  პედაგოგობამ, საყვარელმა საქმემ უკან გადაიწია, მაგრამ თავს არ ზოგავს, რომ  უცხოეთში მყოფ  მოზარდებს ქართული სიტყვა შეაყვაროს და სულიერებას აზიაროს. – ფილოლოგის და პედაგოგის, ქეთევან გოგაბერაშვილი- დვალის პერსონა.

– მე რუსთაველი ვარ. დავიბადე 1952 წლის 5 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში.  ჩემი ქალაქი ჩემზე მხოლოდ 5 წლითაა უფროსი. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა: მე ძირძველი ნამდვილი რუსთაველი ვარ, მკვიდრი ახალი რუსთავისა, რომელიც ძველი ჰერეთის რუსთავის ნაქალაქარზე აშენდა. მე მისი მემატიანე ვარ, რადგან მახსოვს, როგორ  შენდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა დაწესებულება, ახალი ქარხნები, სკოლები, ბაღები… ასე რომ, მე და ჩემი ქალაქი ერთად ვიბადებოდით და უმისოდ, ემიგრაციაში წამოსვლამდე ერთი დღეც კი არ გამიტარებია.
მშობლები… მართლაც, კარგი დედა და კარგი მამა მყავდა. მათ შექმნეს კარგი ქართული ოჯახი და ათეული წლები ერთად იცხოვრეს. მე და ჩემს ძმას მათი სიყვარული და მზრუნველობა არ მოგვკლებია.
დედაჩემი – თამარ ივანიშვილი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი დინჯი ქართლელი ქალი იყო. მისთვის უწინარესი იყო ოჯახზე, შვილებზე ზრუნვა. თუმცა ყურადღებას არც ახლობლებს აკლებდა. უზომოდ უყვარდა კითხვა, განსაკუთრებით ქართველ კლასიკოს მწერალთა შემოქმედებას იცნობდა კარგად. მშვენიერი მოქართულე იყო, თუმცა რუსული ენაც ბრწყინვალედ იცოდა და რუს კლასიკოს მწერლებს ორიგინალში კითხულობდა.
მისი დამსახურებაა, რომ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ამით ავუხდინე ოცნება, რომელიც თავის დროზე მან ვერ აისრულა.
მამაჩემი დინჯი რაჭველი კაცი იყო, 1926 წელს დაბადებული, რომელიც, სტალინის ბრძანებით, სხვებთან ერთად ფრონტზე გაგზავნის სანაცვლოდ, მეტალურგიული ქარხნისა და ახალი რუსთავის მშენებლობაზე წაიყვანეს. ასე რომ, ქალაქის დაარსების პირველი დღეებიდან რუსთავში დამკვიდრდა, მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარა. ჰქონდა იუმორის კარგი გრძნობა, მშვენივრად მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. ბევრი ძველი რაჭული სიმღერა იცოდა. იყო კარგი თამადა, პატიოსანი, მშრომელი ადამიანი, მასაც უზომოდ უყვარდა კითხვა. როდესაც ფოსტალიონი გაზეთებს მოიტანდა,  მამაჩემი ყოველგვარი საქმის კეთებას თავს ანებებდა და კითხვას იწყებდა.
აი მამას, ჩვენგან განსხვავებით, დედაჩემი სულ საყვედურობდა. მამაჩემს ზედმეტსახელად „ზალატოი“ შაქროს ეძახდნენ, უყვარდათ მეგობრებს, პატივს სცემდნენ ახალგაზრდები. და როდესაც ვინმე მკითხავდა, ვისი შვილი ხარო, მეც ამაყად ვამბობდი, შაქრო გოგობერაშვილისა-მეთქი. აი ასეთი კარგი მშობლები მყავდა.

– სკოლა და უნივერსიტეტი …
– 1969 წელს რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა წარმატებით დავამთავრე და, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება. მაგრამ მე-9 კლასში გამოგვეცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. და იმდენად საინტერესოდ გვესაუბრებოდა ლიტერატურაზე, ქართული ანბანის უნიკალურობაზე და გამორჩეულობაზე, დიდი სურვილი გამიჩნდა, უმაღლესში სწავლა ამ განხრით გამეგრძელებინა.
1970 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. და, მართალი გითხრათ, სკოლის პედაგოგობაზე არც მიფიქრია. უფრო მეტად ლიტერატურის მეცნიერული კვლევის საკითხებით ვიყავი დაინტერესებული, განსაკუთრებით ძველი ქართული ლიტერატურით. თემაც მოვამზადე ასპირანტურისთვის (ხელმძღვანელი – ელგუჯა ხინთიბიძე). მაგრამ ბოლო კურსზე ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება. დროის უმეტესი ნაწილი ოჯახს და შვილებს დავუთმე, რაზეც ერთი წუთით არ მინანია.
– დაბოლოს, მაინც სკოლის მასწავლებლობა მოგიწიათ…
– დიახ, ასე გავხდი მეცნიერის ნაცვლად სკოლის მასწავლებელი და მივხვდი, რომ ურთულეს საქმეს მოვკიდე ხელი. რადგან ყოველი ჩატარებული გაკვეთილი არის ბავშვების, მოზარდების წინაშე გამოცდის ჩაბარება, და თუ სიყალბე შეგამჩნიეს, ყოველგვარი მცდელობა მათი ნდობის მოსაპოვებლად ფუჭია.
– როგორი მასწავლებელი იყავით?
– ამაზე ალბათ ჩემმა მოსწავლეებმა უნდა ილაპარაკონ, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: შეიძლება ლექსი ყველას ვერ ვასწავლე ზეპირად, მაგრამ ადამიანობის პირველ ადგილზე დაყენება, მეგობრობის დაფასება, სიყვარულის ღვთაებრიობის შეგრძნება, ქვეყნის, საკუთარი მიწა-წყლის სიყვარული ვასწავლე. და კიდევ ბევრი რამ, რაც მათ დაეხმარებოდათ, ყოფილიყვნენ უბრალოდ კარგი ადამიანები.
მახსოვს პროფესიული სასწავლებლის დირექტორის, ნუგზარ სახვაძის მიერ ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვები: თუ სასწავლებლიდან რომელიმე მოსწავლის გაშვება გინდათ, ქეთინო მასწავლებელს არაფერი ათქმევინოთ, მისთვის ცუდი ბავშვი არ არსებობსო.
ალბათ ეს სიტყვები უფრო მიესადაგება ჩემს პიროვნებას, როგორც მასწავლებელს – ცუდი ბავშვი არ არსებობს, არსებობენ გულგრილი პედაგოგები.
– შრომითი საქმიანობა…
– ჩემი შრომითი საქმიანობა 1970 წლიდან იწყება, ვიდრე უნივერსიტეტს დავამთავრებდი, ვმუშაობდი ქიმიურ ქარხანაში, ხოლო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო ჩემი პედაგოგიური საქმიანობა:
რუსთავის სახელმწიფო საბავშვო თეატრში  პედაგოგად; პროფესიულ სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; რუსთავის დამოუკიდებელი ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების გამგედ და ორგანიზატორად;  რუსთავის კერძო სკოლა „მზეკაბანში“ პედაგოგად.. .
აქ მთავრდება ჩემი  შრომითი საქმიანობა არა მარტო განათლების სფეროში, არამედ – ჩემს ქალაქშიც, ჩემს ქვეყანაშიც…
– 2011 წლიდან ხართ  იტალიის ქალაქ  ბარიში…
– „არასოდეს არ თქვა არასდროს“, – ამ ნათქვამის სისწორე ჩემს თავზე გამოვცადე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 9 წელს  უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხის გარემოცვაში გავატარებდი ჩემი შვილების გარეშე, მოვწყდებოდი ჩემთვის საყვარელ საქმიანობას და კიდევ, რამდენ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ… კაცი რეალობას ვერ გაექცევი.

თავისუფლების ფასი რომ გაიგო,  უნდა დაკარგო, და იცით, როგორ? უცხოეთში წახვიდე სამუშაოდ!

თავს არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ რა ძნელია სხვა ქვეყანაში ყოფნა, შენი ოჯახის, ახლობლების გარეშე, თავისუფლების გარეშე. ჩვენ ვართ თავისუფლებადაკარგულები. მაგრამ იცით, რა მიჰყვება უცხოეთში წასულ ქართველ კაცს სულიერ საზრდოდ, იმედად, რა აძლევს ძალას, რომ არ ჩავარდეს სასოწარკვეთაში?!

სულიერი საუნჯე, რომელსაც ქართული გენი, ქართული სული ჰქვია, რომელიც უფლისადმი დიდმა მორჩილებამ და სიყვარულმა მოიყვანა დღემდე.

ეს საუნჯე ჯერ ჩვენს გულში უნდა გვქონდეს დავანებული, რომ გადავცეთ აქ დაბადბეულ ქართველ ბავშვებს. არ მივცეთ ქართულ სულს გაქრობის საშუალება იმ მოზარდებში, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ მშოლებთან ერთად დროებით.
უნდა შევძლოთ მათი დარწმუნება, რომ ჯერ შენი უნდა გიყვარდეს, სხვისას რომ პატივი სცე. მაგრამ მშობლიურის სიყვარული არ ნიშნავს უცხოურის დაკნინებას.
დიახ, ისინი კარგად უნდა ლაპარაკობდნენ იტალიურად, მაგრამ უკეთესად – ქართულად!
უნდა იცნობდნენ დანტე ალიგიერის, ჯოვანი ბოკაჩოს შემოქმედებას, მაგრამ მათ პიროვნულად, როგორც ქართველებს, ბევრი დააკლდებათ,  თუ არ წაიკითხავენ შოთას, ილიას, აკაკის.
პატივისცემით უნდა იცნობდნენ იტალიის სახელწიფო ჰიმნს, მაგრამ საქართველოს ჰიმნის მოსმენისას გულის სხვანაირად უნდა უცემდეთ!
თუ ამას შევძლებთ, ემიგრაციაში მშობლებთან ერთად მყოფი ქართველი ბავშვები არ მოწყდებიან მშობლიურ ფესვებს, უწინარეს ყოვლისა, კარგ ქართველებად გაიზრდებიან  და ყოველთვის ექნებათ თავის ქვეყანაში დაბრუნების სურვილი.
–  სადღეისოდ  უწინარესად ალბათ უყურადღებოდ დარჩენილ  მოზარდებს სჭირდებათ გულისყური… როგორ უნდა შეინარჩუნონ მათ უცხო ქვეყანაში ქართველობა?
მისასალმებელია, რომ უკვე რამდენიმე წელია ბარიში მოქმედებს საკვირაო სკოლები, სადაც, ძირითადად, დადიან პატარა ასაკის ბავშვები, მაგრამ მოზარდები, სამწუხაროდ, უყურადღებოდ დაგვრჩნენ. თუმცა კარგი საქმის კეთება ნამდვილად დავიწყეთ იმით, რომ საკვირაო სკოლა „აისთან“ ფუნქციონირებს ლიტერატურული სალონი. მოვამზადეთ მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია  – „რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო“, – რომელშიც მონაწილეობდა ყველა, ასაკის განურჩევლად,  რომლებსაც უყვართ ქართული პოეზია, იციან ქართული სიტყვის მადლი.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ საღამოს ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო – ეს იყო ქართული სულის ზეიმი უცხო მიწაზე.
ახალი საღამოსთვის მზადება დავიწყეთ და ერთხმად გადავწყვიტეთ, გალაკტიონის შემოქმედება აგვერჩია. დაიწერა სცნარი ვახტანგ ჯავახაძის „უცნობის“ მიხედვით, მაგრამ, რომ იტყვიან, აქ „ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდვნის“. პირველ ადგილზე უფროსებს მაინც სამსახური გვიყენია, რომელიც ყოველთვის არ გვაძლევს საშუალებას, როგორც გვინდა, ისე მოვიქცეთ.
ამით თავს არ ვიმართლებ, მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებაც დიდი მონდომებით დაიწყეს მზადება საღამოსთვის, და ვპირდები, რომ ეს საღამო აუცილებლად ჩატარდება, და გალაკტიონის ლექსებს იტალიურ ენაზე წავიკითხავთ.
– ემიგრაცია, უცხო ქვეყანა, დაბრკოლებანი…  რა გაძლებინებთ?
– როგორ მყვარებია ჩემი პროფესია!ამას ემიგრაციაში ყოფნის დროს უფრო მეტად მივხვდი. ერი დღითაც არ გამიწყვეტია კავშირი ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამასთან.
ემიგრაციაში რომ წამოვედი, ჩემი მოსახელე შვილიშვილი ქეთევანი მე-2 კლასში იყო, ახლა მე-11 კლასშია. კომპიუტერის საშუალებით ვმეცადინეობთ, მაგრამ ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მრჩება – ვირტუალური ურთიერთობა პიროვნებასთან ჩემთვის არ არის ამომწურავი. ვერ ვწვდები მის სულს სათანადოდ. ვერ ვიგებ, რამდენად გულწრფელია მისი ნათქვამი.
მადლობა უფალს, აქ მყავს ერთი მოსწავლე – ელენე, რომელსაც ვამეცადინებ, როცა თავისუფალი დღე მაქვს და მის თვალებში ნამდვილად ვხედავ, როგორი სიყვარულით კითხულობს ქართველი პოეტების ლექსებს, როგორი მონდომებით მოამზადა პროექტი იტალიურ ენაზე: „მე ვარ ქართველი, ჩემს ქვეყანას კი საქართველო ჰქვია!“
დიდი მადლობა ელენეს დედას, ქალბატონ როზეტა კიტოვანს, რომელიც  მუდამ ზრუნავს, რომ მის სულში ენთოს ქართული სული. მისი დამსახურებაა, ელენეს მიერ წრფელი გულით ნათქვამი სიტყვები: „მე საქართველოში უნდა დავბრუნდე“. ამას მე მარტო ვერ შევძლებდი.
ამბობენ, ემიგრანტობა გმირობააო და ამ ნათქვამს მე ვეთანხმები. უცხო ქვეყანაში ყოფნისას გიწევს ბევრ ისეთ რამესთან შეგუება, რასაც სხვა შემთხვევაში ვერც კი წარმოიდგენდი. მაგრამ, ჩემი აზრით, არანაკლები გმირები არიან ისინი, ვინც ქვეყანა, თავისი ეზო-კარმიდამო არ მიატოვა და  სახლის კარი არ გამოკეტა.

მე პირადად, თავს ბრძოლის ველიდან გამოქცეულივით ვგრძნობ, ჩემს მოსწავლეებს სულ იმას ვეუბნებოდი, როგორც არ უნდა გასჭირვებოდათ, ქვეყანა არ დაეტოვებინათ. მშობლიური მიწა-წყალი სხვის ხელში არ ჩაეგდოთ.

მე კი, როგორი მიზეზებიც არ უნდა დავასახელო, თავი გმირად არ მიმაჩნია, სხვა გზით უნდა გადამეწყვიტა პრობლემები და არ დამეტოვებინა შვილები, როგორც დედას, ჩემი აღსაზრდელები – როგორც მასწავლებელს,  ჩემი ქალაქი – როგორც რუსთაველს და ჩემი ქვეყანა – როგორც ქართველს.
მენატრება ყველაფერი, რაც ქართულია, მთელი საქართველო თავისი ლამაზი კუთხეებით, მენატრება ჩემი რაჭა, ეს ულამაზესი მხარე მწვანე ტყეებით, შემოსილი ბუმბერაზი მთებით. ნიკორწმინდის ტაძარი, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების სალოცავი.
მენატრება სოფელში, ჩემს სახლთან ახლოს, პატარა ხრიოკ ადგილას მდგარი ფოთლებშემოძარცული ხე, ფერადი ნაჭრებით შემკული და ნატვრის ხედ ქცეული.
თუ დავბრუნდები (თუ, რადგან მარკესისა არ იყოს, ხვალინდელი დღე არავის გვაქვს გარანტირებული, არც მოხუცს და არც ახალგაზრდას), ამ ხეს აუცილებლად შევაბამ, ფერადს კი არა, სიწმინდისა და სიმართლის სიმბოლოდ ქცეულ თეთრ ნაჭერს და ერთ ნატვრას ჩავიფიქრებ – ყველა ქართველი, იძულებით წასული თავისი ქვეყნიდან, მალე დაბრუნებულიყოს სამშობლოში.
მჯერა, რომ ის პრობლემები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, აუცილებლად მოგვარდება. საქართველოს ამაზე უარესი დღეებიც ჰქონია, მაგრამ ყოველთვის დაუღწევია თავი, შეუნარჩუნებია მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც. მჯერა ხვალინდელი დღისა, უკეთესი მომავლისა და ახალგაზრდა თაობისა.
ქედს ვიხრი მათ წინაშე, გაჭირვების მიუხედავად, ქვეყანას რომ არ სტოვებენ!
რა მაძლებინებს? – ქართული სიტყვის, ქართული პოეზიის სიყვარული, ჩემი ქვეყნის სიყვარული და იმედი იმისა, რომ დადგება დღე, როდესაც თბილად დავემშვიდობები იტალიელ მეგობრებს, მადლობას გადავუხდი ყველაფრისთვის და როდესაც ფეხს დავადგამ ქართულ მიწაზე  (9 წელია, არ ჩამოვსულვარ), ჯერ მიწას ვემთხვევი და შემდეგ ხმამაღლა ვიტყვი: „გამარჯობა, მე დავბრუნდი“!
– კორონავირუსი და ემიგრაცია … თქვენი განცდა?
– იცით, როდესაც ვირუსის გამო ქალაქში საგანგებო სიტუაცია, თვითიზოლაცია გამოცხადდა,  დამთრგუნა იმან, რომ ქალაქი უცბად დაცარიელდა, დაიკეტა მაღაზიები, აღარ მოძრაობდა ტრანსპორტი და ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, ასე მეგონა, მე და ჩემი ბებოს მეტი აღარავინ იყო დარჩენილი ქალაქში.
მაგრამ მე თვითონ შინაგანად მზად ვიყავი, რატომღაც მჯეროდა, რომ ცუდი არაფერი შემემთხვეოდა, და თუკი ასე არ იქნებოდა, ამასაც უფლის ნებად ჩავთვლიდი.
თავისთავად ამ ვირუსის სახით დიდი განსაცდელი დაატყდა თავს კაცობრიობას,  ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ მე ის უფრო მაწუხებს, რომ ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში  გააქტიურდა „ვირუსი“ გაუტანლობისა, ერთმანეთთან ქიშპობისა, ადამიანის სიცოცხლის ადვილად ხელყოფისა (ეს უფრო მტკივნეულია), სიძულვილისა.
აი, ამ ვირუსისგან რომ განვიკურნოთ, არ გვჭირდება რაიმე ახალი პრეპარატის გამოგონება. ამ ვირუსის დამარცხება შეგვიძლია იმით, რომ ვაკეთოთ სიკეთე უანგაროდ,  ვიზრუნოთ ერთმანეთზე, უკეთეს ხვალინდელ დღეზე და ყოველთვის გვახსოვდეს: ჩვენთან არს ღმერთი!
– სამომავლო გეგმები…
– ცოტა ძნელია, რაიმე დიდზე და გრანდიოზულზე ვიფიქრო, როცა მალე 70 წელი შემისრულდება. ვიდრე იტალიაში ვიქნები, აუცილებლად განვაახლებ ლიტერატურული სალონის მუშაობას, შეხვედრებს ჩავატარებთ ღია ცის ქვეშ, რომ იტყვიან – „ხის ძირში“.
მთავარი ისაა, სად იტყვი შენს სათქმელს, მთავარია, როგორ იტყვი და მიიტან თუ არა მსმენელამდე.
საქართველოში განსახორციელებელი გეგმები უფრო ადვილია. იქ მელოდება ჩემი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. მელოდებიან მეგობრები… და თუ შეიძლება ამ წლების განმავლობაში რაც სითბო და სიყვარული დავაკელი მათ ჩემი შორს ყოფნით, – ამის დაბრუნებას გეგმა ვუწოდო, იყოს ასე. – ნამდვილად კარგად გავართმევ თავს.
უფალო, დაიფარე ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, დაიფარე მთელი კაცობრიობა ავისაგან…
შეხვედრამდე საქართველოში, კერძოდ, რაჭაში, ნიკორწმინდაში…
დარჩენილი წლები მინდა რაჭაში გავატარო. ამით გავამართლებ იმ ნათქვამს, რომ „რაჭველი შემოივლის ქვეყანას და სიბერეში რაჭაში ბრუნდებაო“.
ქვეყანას არა, მაგრამ იტალიაში ხომ ვიყავი 10 წელი? ესეც საკმარისია, რომ დავბრუნდე.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები