29 ივნისი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის დაბადების დღეა

29 ივნისი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის დაბადების დღეა. მფრინავს და მწერალს ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა იხსენებს ფეისბუქგვერდზე.
ფრანგ მწერალსა და მფრინავს, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერს ხშირად მოიხსენიებენ სახელით  – „Saint-Ex“.

დაიბადა 1900 წელს. მისი ოჯახი საფრანგეთის არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა 1921 წელს, როცა გაიწვიეს ჯარში და მოხვდა პილოტთა კურსზე.

1925 წელს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა თავის ნამდვილ მოწოდებას მიაგნო – გახდა კომპანია “აეროპოსტალის” პილოტი, რომელსაც საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სენტ-ეგზიუპერმა შეასრულა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა და ჯილდოზეც (“საომარი ჯვარი” (Croix de Guerre)) იყო წარდგენილი. 1941 წლის ივნისში თავის დასთან გადავიდა არაოკუპირებულ ზონაში, მოგვიანებით კი აშშ-ში გაემგზავრა. ნიუ-იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „პატარა უფლისწული”.

1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა. მალევე სადაზვერვო მისიის შესასრულბლად გაფრინდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

დიდი ხნის მანძილზე სენტ-ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობა არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს, მარსელთან ახლოს, ზღვაში, ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იყო იმ გამომცემლობის მისამართი, რომელშიც გამოიცემოდა სენტ-ეგზიუპერის წიგნები.
2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა, სენტ-ეგზიუპერს ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები