დავით მათიკაშვილი: კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს
„კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
დავით მათიკაშვილის თქმით, საბოლოოდ, წერტილი დაესვა კრიმინალური ოპოზიციის სპეკულაციებს და საერთაშორისო დონეზე გაშიშვლდა “ნაციონალური მოძრაობის” რეალური, ანტიდასავლური სახე.
„საბოლოოდ, წერტილი დაესვა კრიმინალური ოპოზიციის სპეკულაციებს და საერთაშორისო დონეზე გაშიშვლდა “ნაციონალური მოძრაობის’ რეალური, ანტიდასავლური სახე, რომელმაც არათუ დაარღვია 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება და არ დაუჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ იმდენი მოახერხა, რომ ამ ცვლილებების წინააღმდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქციას ორგანიზება მოახდინა, ხოლო ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობარს, გერმანიის ელჩ ბატონ ჰუბერტ ქნირშს შეურაცხყოფაც კი მიაყენა.
ამ უპასუხისმგებლო ფაქტისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად, “ნაცკლასტერის” ლიდერებმა დღეს გაამწვავეს ანტიდასავლური რიტორიკა და გერმანიის ელჩს კვლავ დასდეს ბრალი საკითხისადმი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში”, -წერს დავით მათიკაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამ მნიშნველოვან მოვლენას ულოცავს საზოგადოებას და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა კოლეგა დეპუტატს, ვინც გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა და ბოლომდე გაიაზრა საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ფასილიტატორ ელჩებს, საქართველოს ყველა მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რაც მათ შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!”, -წერს დავით მათიკაშვილი.