“საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ფასილიტატორ ელჩებს, დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ დიალოგში, ამ მოლაპარაკებებში, ეს უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ დღეს პირობა ბოლომდე შეასრულა.
„მოგეხსენებათ, რომ მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ზუსტად ითვალისწინებდა ამ პირობას, რომ ყველა მხარეს უნდა დაეჭირა მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. ეს ცვლილება განხორციელდა, შეთანხმება შესრულებულია ჩვენი მხრიდან და შეთანხმება შესრულებულია საქართველოს მიერ. დანარჩენი უკვე რჩება ისტორიისა და საზოგადოების შეფასებისთვის.
ოპოზიციამ არ შეასრულა საჯაროდ მიცემული პირობა, თუმცა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ, მმართველმა ძალამ ახალი ოპოზიციის პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მივიღეთ ეს ცვლილებები.
კიდევ ერთხელ მინდა, ყველა დეპუტატს მადლობა გადავუხადო, ვინც მხარი დაუჭირა ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. მზად ვართ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის და მზად ვართ, საქართველოს მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.