გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი: გამოძიებისთვის არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული, ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ჩვენებებში არ არის

ფეხბურთელ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან გამოძიებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება არ მომხდარა და ბევრი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც მათ ჩვენებებში არ დევს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც თითოეული ბრალდებულის ბრალეულობას ადასტურებს.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით, ასევე აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 17-ვე პირის მიმართ გამოიყენა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.

რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობდა საფუძვლები, ბრალდებულების პიროვნებების, მათი მოქმედებების და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოეყენებინა პატიმრობა. საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების, ეს არაა უბრალოდ სიტყვები, ეს გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებებში არ არის. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე გამოკითხულია უამრავი მოწმე, დაახლოებით 60 ადამიანი. ჩატარებულია 750-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და ასევე, ამოღებულია ვიდეო-მასალა, რომელიც ასახავს როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევის ადგილს. ჯერ არ გვაქვს მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ საქმისთვის. ამ დასკვნის მიღების შემდგომ უკვე მეტი გარემოება გაირკვევა, თუმცა დღესაც გრძელდება გამოძიება. თუ გაიზრდება ბრალდებულთა წრე, გაიგებთ მომავალში“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები