გიგა ბოკერია: თანავუგრძნობ გერმანიის ელჩს, მერამდენედ უნდა გაეხვიოს შარში
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს აკრიტიკებს გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, -რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, – 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.
გიგა ბოკერიამ იმავე დღეს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის ამ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს… ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს”, – ამბობს ბოკერია.