“ფეიკნიუსის” ანატომია – გურამ ნიკოლაშვილის მონოლოგი: სამწუხაროდ, ქართულ მედიაში მთელი რიგი არხების მაუწყებლობა მთლიანად სიცრუეზეა აგებული

„სამწუხაროდ, ქართულ მედიაში მთელი რიგი არხების მაუწყებლობა მთლიანად სიცრუეზეა აგებული, ასეთი პოლიტიკა კი მუდმივად მოითხოვს ტყუილის დოზის ზრდას”,- ასე ეხმაურება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის ახალ კამპანიას საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

ტვ „იმედის” „დღის ქრონიკაში” გურამ ნიკოლაშვილმა “ფეიკნიუსის” რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

„ფეიკნიუსის” კლასიკური მაგალითია, როდესაც მედია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ პანდემიის წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი გმირული ბრძოლის შემდეგ ხელისუფლება ათი ათას ლარს ურიგებს ოჯახებს კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის გასაზრდელად. შესაძლოა გეცინებათ, მაგრამ ამას მართლა ყვებიან. მედია ამტკიცებს, რომ ახმეტაში ხიდი შუა მდინარეში ააშენეს. მერე რა, რომ ადგილობრივმა გამგებელმა იქვე მოყვა არა მხოლოდ სიმართლე, არამედ ფეიკნიუსის ანატომიაც. იგივე მედია ამტკიცებს, რომ თურმე ჩვენი არხი კადიროვის ქველმოქმედების რეკლამას ეწევა. ეს ეპიზოდი ცალკე ყურადღების ღირსია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრული სახელმწიფოს ყველაზე ოდიოზური ფიგურა, რომელიც უღირს ქართველ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, მიმდინარე მოვლენების ფონზე ცინიზმის გამოსახატად ფქვილს გზავნის. ეს ფაქტი აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას და ის გააშუქა არა მხოლოდ იმედინიუსის ვებგვერდმა, არამედ ყველა ნორმალურმა სააგენტომაც. სიცრუის მთავარი ქარხნის უფროსმა, ბატონმა გვარამიამ კი ამ ნიუსზე დაყრდნობით იმედს ბრალი კადიროვის რეკლამირებაში დასდო. რაც მთავარია, ეს ბრალდება აიტაცა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის სხვა მედიების წარმომადგენლებმა, მათმა მესვეურებმაც და რაც მთავარია, ამ აბსოლუტური იდიოტიზმის ტირაჟირება მას შემდეგაც გააგრძელეს, რაც ქსელში მანიპულაციის და მისი ავტორების მხილება მარტივად მოხდა.

ნიკა გვარამიამ შეთხზა პერსონალური მითი და ბოდვა, რომელშიც თავადაც ცხოვრობს და ცდილობს, სხვებიც აცხოვროს. მის სამყაროში სტრასბურგის სასამართლო რეპრესიული აპარატია, რომელმაც უსამართლოდ წაართვა ნალოლიავები „რუსთავი 2″ და რითაც გაბუნიას ლიკვიდაციას მწვანე შუქი აუნთო. მის სამყაროში საკონსტიტუციო ცვლილება ორი დღის წინ ჩააგდო „ოცნებამ”, ხოლო „ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა. ხელისუფლება პრორუსულია და ამის დასტურია ის, რომ გაბუნიას ხელყოფაზე აგებული ქვეყნის არეულობის რუსული სცენარი თურმე ხელისუფლებას აწყობს. ბოდვითი აშლილობისას „მთავარის” დირექტორი კონტროლს კარგავს და პოლიტპატიმრად წარმოდგენილი გიორგი რურუა კრიმინალურ ავტორიტეტად გამოჰყავს. გუშინდელ ეთერში მან ეს ღიად დაადასტურა, როცა თქვა, რომ რურუა ციხეში კრიმინალების მოთხოვნით ზის, რათა ხელი არ შეუშალოს ქუჩის გაკონტროლებას, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ ქუჩის ავტორიტეტის ხარჯზე ხდება. შესაძლოა, კვლავ გეცინებათ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ეს მანიპულაცია მუშაობს. ტყუილის შეთხზვას და გავრცელებას სჭირდება რვა წამი, ხოლო მასზე მიდევნებას, საკითხის შესწავლას და სიმართლის გავრცელებას ხშირად მთელი დღე. ხშირ შემთხვევაში კი ესეც არ არის საკმარისი, ადამიანებს ეფექტური ტყუილი და სიცრუეში ცხოვრება ხშირად ურჩევნიათ სინამდვილეს”, – აცხადებს ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, თბილისის მერი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და უკვე წლებია, ამ პლატფორმას მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის იყენებს. მისი პირდაპირი ჩართვების მიზანი სხვადასხვა პროექტებზე თუ სიახლეებზე უშუალო საუბარია. სწორედ აღნიშნული ჩართვების ფარგლებში აპირებს მმართველი გუნდის ლიდერი სიცრუის საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყებას.

„სრულიად არაა საჭირო, ადამიანი განათლებით იყოს ჟურნალისტი ან ნასწავლი ჰქონდეს მედიის თეორია, რათა გაარჩიოს ყოველდღიურად გადმოცემული ამბების ნამდვილობა. ხშირ შემთხვევაში მანიპულაცია იმდენად მკაფიოა, მის გარჩევას ელემენტარული გონიერება ჰყოფნის. დღევანდელი მედიაგარემო უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი და პლურალისტურია. მსმენელს შეუძლია იპოვოს ნებისმიერი სახის მედიაპროდუქტი, რომელიც მის მოთხოვნილებას შეესაბამება. მით უმეტეს, რომ ინფორმაციის შექმნა და გავრცელება კარგა ხანია, გასცდა ტრადიციული მედიის ფარგლებს. მედიაში არსებობენ სხვადასხვა შეხედულებების, პოზიციისა და ღირებულებების მქონე წამყვანები, ჟურნალისტები, სპიკერები, მათი სუბიექტური აზრი, არხის სარედაქციო პოლიტიკა, მის ფარგლებში მოთხრობილი ამბები. მაგრამ ამას გარდა არსებობს მიზანმიმართული სიცრუე, მანიპულაცია და მსმენელის მოტყუება”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები