„…თუ ვინმე გვეიმედება მეწინავედ, უთუოდ შენც“ – კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე

24 ივნისს, დაბადების დღეს აღნიშნავს მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, პოლიტიკოსი, დიპლომატი  –  კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია. ის 59 წლის გახდა.
მწერალი როსტომ ჩხეიძე მას ფეისბუქის საშუალებით ულოცავს დაბადების დღეს.

როსტომ ჩხეიძე

„ჩემო კოკო,

საგვარეულო დინასტიები მოსდგამთ როგორც პოლიტიკური მისწრაფების ადამიანებს, ისე ხელოვანთა თუ მეცნიერთა ოჯახებს, გამსახურდიები ერთბაშად რომ გამოიკვეთეთ დინასტიად – როგორც პოლიტიკური, ისე მწერლური თვალსაზრისით, და შენც ისევე გიწევს ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ რეალობაში ცხოვრება, როგორც თვითეულ ჩვენგანს, რეალობაში, რომელსაც თუ ვინმე ამზადებდა, ერთი უპირველესი კონსტანტინე გამსახურდია – თანამოაზრეებთან ერთად.
უძნელესი ტვირთია კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილობაც. და უძნელესი ტვირთია ზვიად გამსახურდიას შვილობაც.
ორივე ერთად ხომ…

და შენ მაინც არ ჩაკარგულხარ მათ ჩრდილში, არც შეფარებიხარ თუ შეყუჟვიხარ და შენი ადგილიც ამიტომ დაგიმკვიდრებია – კოლორიტულიც, სახიერიც, გამოკვეთილიც, ეროვნული და სახელმწიფოებრივი სულისკვეთების გამღვივებლად რომ რჩები შენი აზროვნებითაც და ცხოვრების წესითაც, თვალსაჩინო მკვლევრად, პუბლიცისტად და ესეისტად, პოეზიის ერთ საუკეთესო მთარგმნელად და, რაც მთავარია, იმ ზარების მრეკავად, რომელშიც ასიმბოლოვებდა დიდი კონსტანტინე საქართველოს ბედისწერას.

დიდ მოსახვევში ვდგავართ – შემოსალტული გარსის გარღვევისა საერთაშორისო ასპარეზზე გასაღწევად იმ ღირსებით, რაც მოგვდგამს და მოგვმადლებია, და ამ უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო პროცესში თუ ვინმე გვეიმედება მეწინავედ, უთუოდ შენც.

ან სიკვდილი, ან გარღვევა ანუ აღდგენა ფენიქსისებრი – სხვა სწრაფვა ჩვენთვის აღარც არსებობს“!.. – წერს როსტომ ჩხეიძე.

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1961 წლის 24 ივნისს, ზვიად გამსახურდიას ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1983 წელს, ასპირანტურა – 1986 წელს.
1986-1992წწ. იყო თბილისი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2005წწ. სახელმწიფო მთარგმნელი და ევრაზიის ექსპერტი; 1997-2004წწ. შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი; 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. საქართველს პარლამენტის წევრი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავჯდომარე (2009-2011);
2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კ. გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა.

სადისერტაციო თემა – „ადრე ქრისტიანული ქართლის კულტურები III-V ს-ში”, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები