სეპტარია თუ არტეფაქტი – ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ახალი ნივთი შეემატა
ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ცოტა ხნის წინ ახალი ნივთი შეემატა. აღმოჩენა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში მცხოვრებ ზურაბ ქარსელაძეს ეკუთვნის, რომელმაც ნაპოვნი ნივთი ცაგერის, ვარლამ მახარობლიძის სახელობის ისტორიულ მუზეუმს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
„რეგიონული კვირას“ მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი – დავით კოპალიან ახალი ნივთის წარმოშობასა და ისტორიაზე უყვება. მისი თქმით, ლეჩხუმის უმეტეს ტერიტორიას კაინოზოური პერიოდის პირველ ნახევარსა და შემდგომ პერიოდში , თბილი და ანკარა ზღვის წყლები ფარავდა. მთიდან ჩამოღვრილი მდინარეები და წყლები 20-27 წლის განმავლობაში, პალეოგენურ ნაფენებს ქმნიდა და ამიტომაც აღნიშნულ ტერიტორიაზე არაერთი სახე მიცემული გარქოვანებული ქვიშა-ქვებია ნაპოვნი. იმ პერიოდში ლეჩხუმის თბილ ზღვაში მცხოვრები ცხოველები ნელ-ნელა ხმელეთისა და წყლის ცხოველებად გარდაიქმნებოდნენ -ხოლმე – „ მდინარეების ჩამოსვლის დროს, ტალღების მიერ დამუშავებული სეპტარიები ბლომადაა ცაგერის ისტორიულ მუზეუმში,მაგრამ ეს ახალი ნივთი სულ სხვაგვარი მონაპოვარი და შენაძენია. სწორედ ამ ახალი აღმოჩენიდან ჩანს, რომ ლეჩხუმში ძალიან თბილი ჰავა იყო და მაღალი ალბათობით ეს ნივთი ორგანული წარმოშობის უფროა,ვიდრე გეოლოგიური წარმომავლობის. ამ აზრს მასზე წარმოქმნილი გარქოვანებული გეომეტრიული ფიგურების-ოთხკუთხედების, ხუთკუთხედებისა და კვადრატების არსებობა მიმყარებს“,-ამბობს მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი.
კითხვაზე – ეს არტეფაქტია თუ სეპტარია, დავით კოპალიანს ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა თვლის, რომ დიდი ალბათობით ის არ არის სეპტარია და სწორედ არტეფაქტია, ხოლო რაც შეეხება მის ხნოვანებას, ვარაუდობს, რომ ის არც ისე “ახალგაზრდაა“-“20 მილიონი წლის წინანდელი შეიძლება იყოს“.
ახალი აღმოჩენის შესახებ გამოკვლევები ჯერ არ ჩატარებულა. როგორც მუზეუმის თანამშრომელი ამბობს -„სამსჯელო თემა წინ გვაქვს, გეოლოგია ზოგადად ისეთი დარგია, რომელიც ბევრ შემთხვევაში ალბათობაზეა დამოკიდებული,მე კი მაღალი ალბათობით სწორად ის მიმაჩნია, რაზედაც დღეს თქვენ გესაუბრეთ. ვნახოთ, რას იტყვიან დანარჩენი სპეციალისტები“.
მარინე სვანიძე