კახა კალაძე: „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებულ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „ემ კვადრატი“ დაასრულებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებულ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „ემ კვადრატი“ დაასრულებს.
კალაძის თქმითვე, პროექტის დასრულების შემდეგ 400-მდე ოჯახს საცხოვრებელი ბინები ექნება.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საბურთალოს რაიონში. პრობლემა 10-12 წლის წინ დაიწყო. აქ დგას შენობა-ნაგებობა, რომელიც დასრულებული უნდა იყოს და აქ მყოფი ადამიანები ცხოვრობდნენ ამ შენობაში. საცხოვრებელი სახლი სამშენებლო კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ უნდა აეშენებინა. მთელი რიგი პრობლემების გამო, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. როდესაც საუბარია თბილისში დაუმთავრებელ მშენებლობებზე, დაზარალებულ ოჯახებზე, „ოლიმპიური ვარსკვლავიც“ იყო ერთერთი ასეთ კომპანია. დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, რადგან სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატი“ დაინტერესდა ამ პროექტით. ჩემი მოადგილე, ილია ელოშვილი მონაწილეობდა ამ პროექტში. მადლობა მას, მერიისა და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებულიყო. დღეს შემიძლია, გითხრათ, რომ პროექტი დასრულდება და, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს საცხოვრებელი ბინები ექნება.
ჩვენი ასეთ პროექტი განვახორციელეთ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის და საკმაოდ კარგი პრაქტიკა გვაქვს. სამწუხაროდ, 170-ზე მეტი ობიექტია ქალაქში, რომელიც არის დაუმთავრებელი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ვიზუალურად ქალაქისთვის და ჰყავს ბევრი დაზარალებული ოჯახი. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შემთხვევაში მივიყვანეთ საქმე ბოლომდე, ასე იქნება სხვა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ჩვენი შემდეგი სამუშაო ეს არის „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები, დაახლოებით, 6500-მდე ოჯახი და დარწმუნებული ვარ, ამასაც ბოლომდე მივიყვანთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებსაც მალე გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.