შემოსავლების სამსახურის საუკეთესო თანამშრომლები და სერვისცენტრები დაჯილდოვდნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში, რომლებსაც გადამხდელებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების გაწევა უწევთ, მომსახურების ხარისხის შეფასების კვლევა ჩაატარა.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების 16 სერვისცენტრში, 150 თანამშრომლისა და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის 27 ოპერატორის შეფასება განხორციელდა.
აღნიშნული კვლევის შედეგად, დამუშავებულ მასალებზე დაყრდნობით, საუკეთესო მომსახურების გამწევი 33 თანამშრომელი დასახელდა, ხოლო საუკეთესო სერვისცენტრის სტატუსი ისანი-სამგორის, ქუთაისისა და ფოთის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს მიენიჭათ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ წარმატებულ თანამშრომლებსა და გამარჯვებული სერვისცენტრების ხელმძღვანლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად აფასებს თანამშრომელთა მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხს და თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისების მისაღებად მუდმივად სხვადასხვა სახის კვლევას ატარებს.