საქართველო კანის ვირტუალურ კინობაზრობაზე (ვიდეო)

22 – 26 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, კანის კინობაზრობაზე საქართველო ეროვნული პავილიონით მეცამეტედ წარდგება. კორონავირუსის პანდემიის გამო კინობაზრობა წელს ონლაინფორმატში ჩატარდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვირტუალურ პავილიონში არაერთი ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის: შეხვედრა კინოინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან და პროექტების პრეზენტაცია. პავილიონში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა დეა კულუმბეგაშვილის ახალ ფილმს „დასაწყისი“, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, ქართული კინომემკვიდრეობისა და პროგრამის „გადაიღე საქართველოში“  შესახებ.
კანის ვირტუალური კინობაზრობისთვის ემზადებიან ქართველი კინემატოგრაფისტებიც. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, აკრედიტაცია გაიარეს გიორგი ქობალიამ, ვაკო კირკიტაძემ, ვლადიმერ კაჭარავამ, ნანა ჯანელიძემ, ციაკო აბესაძემ, ნინო ჩიჩუამ, თეკლა მაჭავარიანმა, ნოდარ ნოზაძემ, კახა მაჭარაშვილიმა და ქეთი კალანდარიშვილმა. მათ უკვე მოპოვებული აქვთ ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოების დაფინანსება.
კინობაზრობის ფარგლებში, 24 ივნისს, ინდუსტრიულ პროგრამაში Cannes Docs გაიმართება რეჟისორ შორენა თევზაძის დოკუმენტური ფილმის „მცხუნვარე მზეზე” ონლაინპრეზენტაცია და მას პროდიუსერები, დისტრიბუტორები, ფესტივალების, ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში. მას ყოველწლიურად საფრანგეთი, ქალაქი კანი მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები