თელავში აკაკი წერეთლის სტუმრობის დროს გადაღებული ფოტო

21 ივნისს, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს საქართველო.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმი თელავის ისტორიული მუზეუმის ფოტო ფონდში დაცულ აკაკი წერეთლის ორიგინალ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 1911 წლის 21 ივლისს პოეტის თელავში სტუმრობისას არის გადაღებული  (ფოტოგრაფი – დ.ბარკალაია).
მაშინდელმა თელავის ინტელიგენციამ საპატიო სტუმარს კახური ლხინი ქალაქის ცენტრში უძველესი ჭადრის ქვეშ გაუმართა.
აკაკი წერეთელმა სიტყვა წარმოსთქვა სადილზე: –
„ბატონებო, ჩვენი ძველების სიბრძნემ რუსთაველის პირით გვიანდერძა, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო და ეს გადმონაცემი ავგაროზად უნდა გვედოს გულზე დღევანდელ ქართველებს, მით უფრო, რომ კარგად ვერ გვაქვს გამოკვლული, სად რა უნდა ვთქვათ და როდის რა“.
კახეთში სტუმრობისას აკაკი წერეთელი მაქსი ჭავჭავაძემ (აკაკის გვერდით ზის) წინანდალში მიიწვია. მასპინძელმა სუფრა გააწყო ბაღში, ვებერთელა კაკლის ჩრდილის ქვეშ, სადაც ცნობისმოყვარე გლეხებიც შეკრებილიყვნენ. სადილი შეხამებული იყო კახური სიმღერით და ლხინით. შებინდებულზე აკაკიმ დატოვა წინანდალი დიდი მადლობით მასპინძლისადმი. სოფლის ბოლომდე აკაკის ეტლს გლეხობა მიაცილებდა მაყრულის შემოძახილით.
აკაკი წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში…
აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა პოეტის შემოქმედების ლაიტმოტივად.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა აკაკი ჭეშმარიტად სახელოვან პოეტად.

წარწერა ფოტოზე: „1911. 21/VII-ს აკაკი წერეთელი თელავის ინტელიგენციის შორის ჭანდრის ქვეშ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები