ემა ლალაევა-ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

20 ივნისს, 11:00 საათზე,  ხელოვნების სასახლე დამთვალიერებლისათვის იხსნება. იმავდროულად გაიმართება ემა ლალაევა-ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 42 ფერწერული ნამუშევარი.
მხატვარი დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან და გადაწყვიტა გადასულიყო მოსკოვში, დეკორატიულ განყოფილებაზე, მაგრამ ვერ განახორციელა ჩანაფიქრი და თბილისში დარჩა.
1938 წელს მისი მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი გახდა. 1945 წელს მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ. საკუთარ ძალებს ცდიდა მხატვრობის თითქმის ყველა დარგში; ერთდროულად მუშაობდა, როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნიდა ექსლიბრისებს, აფორმებდა საბჭოთა ზეიმებს.
შემოქმედებით ფსევდონიმად ირჩევს სახელს „ლალი“ და ძირითადად ასე აწერს ხელს ნამუშევრებს. სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს გაიმართა თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები