ენტონი ფაუჩი: აშშ-ში მასშტაბური კარანტინი საჭირო აღარ არის

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის თქმით, ქვეყანაში შემზღუდავი ზომები აღარ არის საჭირო.

ამის შესახებ ექსპერტმა France Press-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა აღდგეს თუ არა საკარანტინე ზომები, მაგალითად, ტეხასსა და კალიფორნიაში, სადაც ინფექციის მატება შეინიშნება, ფაუჩი ამბობს: “არ მგონია, რომ კარანტინის დაბრუნებაზე უნდა ვისაუბროთ.

ვფიქრობ, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავაკონტროლოთ უკეთესად ეს რაიონები, სადაც აფეთქება შეინიშნება”, – თქვა ფაუჩიმ და დასძინა, რომ ოპტიმისტურად უყურებს იმას, რომ უახლოეს დროში მსოფლიოს ვაქცინა ექნება და ამჟამინდელი კვლევის შედეგები “იმედისმომცემად” შეაფასა.

ქვეყნის საზღვრების გახსნაზე საუბრისას მან თქვა – “ცხადია, არსებობს დაინტერესება სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისა”. მისი თქმით, საკითხი ყოველდღიურ რეჟიმში განიხილება, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

ენტონი ფაუჩიმ, ასევე, თქვა, რომ ძალიან მოსწონს “დექსამეტიზონთან” დაკავშირებით ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები, მაგრამ აფრთხილებს სამედიცინო საზოგადოებას, რომ კორონავირუსით ინფიცირების ადრინდელ სტადიაზე პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის, რადგან ინფიცირების ადრინდელ სტადიაზე ვირუსის დასამარცხებლად საჭიროა ორგანიზმის იმუნური სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები