ნაზი ჯანეზაშვილი: ალეკო ელისაშვილი სრულიად უვიცია სასამართლოს თემებთან მიმართებით და, როგორც პოლიტიკოსს, უფლება არ აქვს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებები შეაფასოს

“ალეკო ელისაშვილი სრულიად უვიცია სასამართლოს თემებთან მიმართებით და, როგორც პოლიტიკოსს, უფლება არ აქვს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებები შეაფასოს”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

„მინდა, გამოვეხმაურო ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ჩემ შესახებ ისაუბრა პრეზენტაციის შემდეგ. ძალიან მიკვირს, რომ ელისაშვილმა, რომელმაც საერთოდ არ იცის სასამართლოს თემა, ჩემგან გაიგო პირადად სასამართლოს პრობლემები, მე მახსენებს, თითქოს გვრიტიშვილთან უნისონში ვსაუბრობ. ეს არის სრულიად ამაზრზენი ჩემთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც აბსოლუტურად არაინფორმირებულია იმის შესახებ, რა გავაკეთე იუსტიციის საბჭოში, ვინ იყვნენ იუსტიციის საბჭოს კლანის წევრები და მოსამართლეები, რომლებმაც სასამართლოს სერიოზული ზიანი მიაყენეს. მან ეს პირადად ჩემი მეშვეობით გაიგო. ასევე, მან აღნიშნა, თითქოს, მის ოფისში დავდიოდი. ის არის მატყუარა, როდესაც ამას ამბობს. დიდი სიცრუეა, არავის ოფისში არ დავდიოდი, ეს იყო ერთადერთი საჯარო შეხვედრა 2019 წლის იანვარში, როდესაც პირადად ანა დოლიძესთან ერთად შევხვდი სხვადასხვა პოლიტიკოსებს, ალეკო ელისაშვილს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირმა ინაშვილსა და ბევრს. მე სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ როგორც არამოსამართლე წევრი. ჩემი განცხადებების, ჩემი საქმიანობის შეფასება მიმაჩნია, რომ ჩემ დამოუკიდებლობაში ჩარევაა. ალეკო ელისაშვილი სრულიად უვიცია სასამართლოს თემებთან მიმართებით და, როგორც პოლიტიკოსს, უფლება არ აქვს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებები შეაფასოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის თქმით, “დაუჯერებელი და გულდასაწყვეტია, რომ ჩემთვის პატივსაცემი ნაზი ჯანეზაშვილისა და სახელგატეხილი მოსამართლეების განცხადებები ანა დოლიძესთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები