ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს.

მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ მათი ამოცანაა, შექმნან განსხვავებული მსჯელობის პლატფორმა, რომელიც პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა გახდება.

„დღეს, აქ შევიკრიბეთ ჩვენ, მოქალაქეები, ვისაც გული შეგვტკივა ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ვინც ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა უპერსპექტივობის ჭაობშია და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილნი არიან ცუდი და უარესი პოლიტიკური არჩევანის პირისპირ.
საზოგადოებრივი დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომლებიც ფსევდო დაპირისპირებით აძლიერებენ ერთმანეთს, ხალხის ყოველდღიური პრობლემები და ჭეშმარიტი წუხილები კი რჩება ამ პოლარიზებული დღის წესრიგს მიღმა.
მიგვაჩნია, რომ პოლიტიკის არსი და პოლიტიკოსების მიზანი არის ხალხის მსახურება და არა პრივილეგიებისკენ სწრაფვა. ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული, აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიღვაწებთ საქართველოს წარმატებისათვის, გაძლიერებისთვის და ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებისთვის.
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ განსხვავებული მსჯელობის პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი, პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს.

გვწამს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი რეალობის შექმნას, რომელზეც ავაშენებთ წარმატებულ და თავისუფალ საქართველოს“,- ნათქვამია მემორანდუმის ტექსტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები