გიორგი გახარია რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე: სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი

“საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე”,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილა, მათ შორის, აღნიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ აღკვეთა მძიმე დანაშაული. გიორგი გახარიას თქმით, სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

„რამდენიმე რამეა აქ მნიშვნელოვანი. პირველი – საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია. მეორე – საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ყველაფერთან ერთად არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი და მესამე – კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები