საფრანგეთში “ჩეჩნური თემისგან” მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ
საფრანგეთის სასამართლო პოლიციის ცენტრალური სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის ინფორმაციის დაზვერვისა და სტრატეგიული ანალიზის სამსახურში განაცხადეს, რომ ბოლო წლებში ქვეყნაში “ჩეჩნური თემის” საქმიანობის გააქტიურება შეინიშნება და ამასთან დაკავშირებით მზარდია საფრთხე.
გაზეთი Parisien-ი აღნიშნავს, რომ უწყების განცხადება დიჟონში მომხდარ არეულობას მოჰყვა.
“დიჟონის შეტაკებები მიუთითებს ჩეჩნური დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის გაფართოებასა და საფრთხეზე. ბოლო წლებში ჩეჩნეთის მკვიდრებსა და სხვა თემებს შორის შეტაკებები გახშირდა. აღნიშნული კონფლიქტები “ღირსების დაცვის” სფეროს მიეკუთვნება ან ეკონომიკის არალეგალურ სეგმენტში პრობლემების არსებობის შედეგს წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გაზეთს წყარომ განუცხადა, არეულობის მონაწილეთა უმრავლესობა “დანაშაულებრივი ორგანიზაციების” წევრები არიან.
აღინიშნება, რომ რამდენიმე წელია, “ჩეჩნური კრიმინალური ქსელები სახსრებს დანაშაულებების ფართო სპექტრში აბანდებენ”. ასევე, პოლიციაში ამბობენ, რომ “ქვეყნის ტერიტორიაზე გახშირდა ძალის დემონსტრირება, რომელიც უპრეცედენტო ძალადობაში იზრდება”.
ამჟამად, საფრანგეთში ჩეჩნეთის 300-მდე მკვიდრი ტერორისტული ხასიათის რადიკალიზაციის არიდების რეესტრშია შეყვანილი.
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში არეულობა 13 ივნისს დაიწყო, სადაც ჩეჩნური თემის წარმომადგენლები ადგილობრივებს დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი გახდა ჩეჩენი მოზარდის ცემა. კონფლიქტის შედეგად, რამდენიმე პირმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, 4 პირი დაკავებულია.