ფრანგული კაბა ხელოვნების სასახლის კოლექციიდან
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი 900-იანი წლების პარიზში შეკერილი კაბის ფოტოებს აქვეყნებს.
„ეს ის პერიოდია, როცა ქართველი ლამაზმანები განსაკუთრებით იპრანჭებიან, პარიზსა და ლონდონში საუკეთესო კაბებს უკვეთავენ, ეს განუმეორებელი ხიბლით შემკული მეცხრამეტე საუკუნეა… დღეს ამ დიდებული საუკუნის მცირე და ძალიან ლამაზი ფრაგმენტი ჩვენს სასახლეს კიდევ ერთხელ შეემატა, კიდევ ერთხელ დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის წყალობით.
თქვენ წინაშეა 1899-1900 წლების ფრანგული კაბა, პარიზში შეკერილი, ასეთი კაბები ეცვათ თბილისელ ლამაზმანებს, ორთაჭალის ბაღსა და ვორონცოვზე მოსეირნე „კოკეტკებს”.
ეს ძვირფასი ექსპონატი დღეს ხელოვნების სასახლეშია, მიხარია, რომ მძიმე პერიოდში, ამ დიდი ეკონომიკური გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ, დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით, ასეთი ძვირფასი ექსპონატების შეგროვებას ვახერხებთ, ჩვენი კოლექცია ახალი ნიმუშებით ივსება, მაშასადამე საქართველოს ეროვნული საგანძური მდიდრდება“, – წერს გიორგი კალანდია.